ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში, მასშტაბური მეწყრული პროცესების დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. 68 ჰექტარზე გავრცელებული სტიქია გეოლოგების მიერ შეფასებულია, როგორც |ექსტრემალურად დიდი და ძალიან ღრმა“. ამ დროისთვის, დაზარალებული 112 ოჯახიდან 107-ს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე უარი აქვს თქმული და სამართლებრივ დავას აგრძელებს.
მოსახლეობა ირაკლი კობახიძის იმ განკარგულებას ასაჩივრებს, რომლითაც მათ "ეკომიგრანტის" სტატუსი მიენიჭათ. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მიწის მასის დაძვრა არა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, არამედ რკინიგზის მშენებლობისას წარმოებულმა აფეთქებებმა გამოიწვია. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 2026 წლის მარტში, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე დაიწყო, ხოლო სასამართლო განხილვა არაუგვიანეს 16 ივლისისა იგეგმება.
პარალელურად, საფრთხის მიუხედავად, რამდენიმე ოჯახი სოფელში მაინც დაბრუნდა. მოსახლეობის თქმით, გამოყოფილი თანხით (რომელიც ძირითადად 30-დან 50 ათას ლარამდე მერყეობს) ალტერნატიული საცხოვრებლის შეძენა შეუძლებელია. ამ დროისთვის ხემაღალში დაბრუნებულებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, წყლის მილები კი მიწის ზემოდანაა გაყვანილი.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, მდინარე ყარნებას შეგუბების გამო ამ ეტაპზე კატასტროფული საფრთხე არ არსებობს, თუმცა სიტუაცია 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება. ადგილზე გარემოს დაცვის სამინისტროსა და რკინიგზის მიერ დამონტაჟებულია სპეციალური მონიტორინგის სისტემები და წყალმზომები.
მერიაში აცხადებენ, რომ საფრთხის ზონაში მოქალაქეები მუდმივად არ ცხოვრობენ, თუმცა წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, მიწების დასამუშავებლად მაინც შედიან. კობა ლურსმანაშვილის თქმით, დაზარალებულებს სამართლებრივი დავის პარალელურადაც შეუძლიათ კუთვნილი კომპენსაციების აღება, პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში კი მათ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას – "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ უნდა მიმართონ.