ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ხემაღალის და ღვერკის მოსახლეობა ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრას მოითხოვს.

ისინი ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან არიან შეკრებილი.

აღნიშნული სოფლების მოსახლეობა აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ მათთვის შეთავაზებული კომპენსაცია ზარალის შესაბამისი არ არის.

მათივე თქმით, უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია ამ ორი სოფლის განადგურება.

ხემაღალის და ღვერკის მოსახლეობა აცხადებს, რომ არსებობს კითხვის ნიშნები რკინიგზის და აფეთქების ნაწილში და ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყერის შედეგად დაზარალებულ 112 ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის. 

მთავრობის განკარგულებით, კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი: 50 000 ლარი გადაეცემა იმ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა საცხოვრებელი არ აქვთ; 30 000 ლარი განესაზღვრებათ იმ პირებს, რომელთაც ჰქონდათ ან აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და იგი 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ გაასხვისეს. იგივე წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ დაზიანებული სახლის მესაკუთრე ამ თარიღისთვის ფლობდა სხვა საცხოვრებელს და მოგვიანებით გაყიდა დაზიანებულ სახლში არსებული წილი.

მეწყრული პროცესები ღვერკსა და ხემაღალში 2025 წელს გააქტიურდა და 68 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული გეოლოგიური კომპანიის დასკვნით, აღნიშნული მეწყერი საქართველოში დაფიქსირებულ ყველაზე მასშტაბურ პროცესებს შორის შედის და საერთაშორისო კლასიფიკაციით "ძალიან ღრმა“, „ძალიან მძლავრი“ და „ექსტრემალურად დიდი“ კატეგორიების ფარგლებში ხვდება.

სპეციალისტების შეფასებით, ფერდობზე მეწყერი კვლავ აქტიურ ფაზაშია და მისი ბუნებრივი სტაბილიზაცია უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის.