ქუთაისის მეორე საპყრობილეში ისრაელის მოქალაქე იგორ ასკაროვის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ერთ-ერთი პატიმარი "ინფო იმერეთს" დაუკავშირდა და განუცხადა, რომ იგორ ასკაროვის გადაყვანა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სურდათ, რასაც ის აპროტესტებდა, შემდეგ მისი გადაყვანა იძულების წესით სცადეს, რა დროსაც გულმკერდის არეში ტკივილი იგრძნო, მოულოდნელად მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

"მე არ ვიცი ოფიციალურად რას იტყვიან ან რას გამოაცხადებენ პატიმრის გარდაცვალების საქმეზე, თუმცა რეალურად ასეთი ამბავი იყო. მას არ სურდა, სხვა უცხო პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, ითხოვდა, რომ მისთვის ციხე არ შეეცვალათ, თუმცა არ მოუსმინეს და იძულებით სცადეს წაყვანა, რა დროსაც მას გული ასტკივდა და მოულოდნელად გარდაიცვალა", - განუცხადა "ინფო იმერეთს" ერთ-ერთმა პატიმარმა. 

ისრაელის მოქალაქე იგორ ასკაროვის გარდაცვალების შესახებ 4 ივნისს გახდა ცნობილი. მას პატიმრობიდან გათავისუფლებამდე 8 თვე ჰქონდა დარჩენილი.

იგორ ასკაროვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც მან 2010 წელს შეიძინა და მასზე ფერმერული მეურნეობები გააშენა, თუმცა შეიარაღებული თავდასხმის და ზეწოლის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა.

მოგვიანებით, ის ცივი იარაღის გამოყენების გამო დააპატიმრეს და ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა.

ასკაროვი ბრალს არ აღიარებდა და განაჩენს სხვადასხვა ინსტანციებში ასაჩივრებდა.

ბიზნესმენი ოზურგეთის პოლიციას და პროკურატურას, შემდეგ კი ქუთაისის მეორე საპყრობილის ციხის ადმინისტრაციას წამებაში ადანაშაულებდა.