იმერეთის სამოქალაქო საზოგადოება 6 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის ფაქტობრივ მართვაზე პასუხისმგებელ პირებს მიმართავს.

სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს, მემორიალზე იყოს წარწერა ფორმულირებით - "2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი“.

"საჯაროდ მოგიწოდებთ შესაბამისი ეთიკური ნორმების დაცვითა და სახელმწიფო ინტერესებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს.

საჯარო მიმართვას ვავრცელებთ წინარე გამოცდილებებზე დაყრდნობით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ოფიციალური არხებით მომართვიანობა, თქვენი მხრიდან დღემდე და ტენდენციურად პასუხგაუცემელია.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები იმსახურებენ განუსაზღვრელ და უპირობო პატივისცემას. ქალაქ ქუთაისის საამაყოდ, უკვდავ გმირთა რიგებში არიან ჩვენი თანაქალაქელებიც.

მოგმართავთ 6 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მივესალმებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაციის იდეას. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების საერთო მეხსიერებაში აღიბეჭდოს მსგავსი თარიღები, რომლებითაც, სამწუხაროდ, სავსეა ჩვენი ქვეყნის ისტორია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს სწორად.

მაღალი ინტერესის გამო, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით შარშან, 7 აგვისტოდან მოყოლებული ქმედებათა ქრონოლოგიას. გაურკვეველი იყო, რატომ არ გვქონდა შესაძლებლობა შარშან, 7 აგვისტოს პატივი მიგვეგო საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისთვის.
- რატომ შემოიღობა წინსწრებით?
- რატომ არ დასრულდა პროექტი - გათვალისწინებულ ვადებში?
- რატომ გადავადდა ამდენჯერ საბოლოო თარიღი?

ამ, არც თუ ისე მცირე, ლოდინის შემდეგ, იმ იმედით, რომ წელს მაინც მივაგებდით საკადრის პატივს საქართველოსთვის დაღუპულ ქართველ გმირებს, 6 აპრილს სრულიად შემაშფოთებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.

წარწერა - "8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი", ატარებს საქართველოს ისტორიული მტრის ნარატივს. წარწერის ამგვარი ფორმულირება ანტისახელმწიფოებრივია და ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს. შეგახსენებთ (!), 7 აგვისტოს საქართველოს საზღვრები მტრულ სახელმწიფოს - რუსეთს, უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა, ხოლო 8 აგვისტოს საქართველოს მიერ გადადგმული სამხედრო ნაბიჯები წარმოადგენს კონტრშეტევას, ქვეყნის და საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით, რაც ნებისმიერი სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ რუსეთის მხრიდან პროვაკაციები ფიქსირდებოდა ჯერ კიდევ ივლისში. ხოლო, აგვისტოს პირველ რიცხვებში ერედვში 5 პოლიციელის ნაღმზე აფეთქებით გაგრძელდა.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი არ იყო ერთდღიანი, როგორც ეს მემორიალზე დატანილი წარწერით იკითხებოდა.

ჩვენთვის არასასიამოვნოა, რომ გვიწევს უკვდავი შინდისის გმირების შეხსენება (11 აგვისტო).

ომის ანატომიიდან გამომდინარე, თითოეული დეტალი აუწონელი ღირებულებისაა. ჩვენი აზრით, დამამცირებელია, როცა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით საერთაშორისო საზოგადოებისთვის ფაქტები ბევრად უფრო სიღრმისეულადაა გადააზრებული, ვიდრე ქვეყნის შიგნით. საერთაშორისო დონეზე აღნიშნული ომის შეფასება ასახულია არაერთ დოკუმენტში, მათ შორის: სტრასბურგის 2008 წლის 3 სექტემბრის რეზოლუციაში „საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ“, სადაც საუბარია რუსეთის სამხედრო ქმედებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე; სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეის 2009 წლის რეზოლუცია №1633 („რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგები“); სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე; ე.წ. ტალიავინის კომისიის (2009) ანგარიშში დეტალურადაა განხილული კონფლიქტის განვითარება და რუსეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობა. ზემოაღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტები ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები შეფასებულია როგორც სახელმწიფოთაშორისი სამხედრო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.

იმის მიუხედავად, რომ წარწერა, ამ ეტაპზე, მოხსნილია, მომხდარი (იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი დრო გქონდათ კონცეფციის შეჯერებისთვის), ბუნებრივად, აჩენს შიშის განცდას, რომ მომდევნო ვერსიაც შესაძლოა, ასევე, არ იყოს საამაყო.

ამიტომ, მოვითხოვთ, რომ მემორიალზე წარწერა იყოს მკაფიო ფორმულირების:

"2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი“.

იმგვარი შესაძლო ფორმულირება, სადაც, გატარებული იქნება მტრის ნარატივი, ამორიცხული - ქართველი გმირები, დაზუსტებული არ იქნება მტერი, რომელიც საქართველოს თავს დაესხა, ცხადია, მიჩნეული იქნება ისტორიული ფაქტის საზოგადოების მეხსიერებაში დამახინჯებულად შემონახვის მცდელობად", - აღნიშნულია მიმართვაში.