როცა გიყვება, თითქოს ბგერებს სათითაოდ ძერწავს, გამოჰყავს, როგორც  რბილი მასიდან ერთი მკვრივი ფორმა და უდრეკი. მისი სიტყვაც გრჩება ფაქტად და არა ვარაუდად. უწყვეტი მეხსიერებით განათებს თვალებში და სასიამოვნო ამბებით, საინტერესო ადამიანებით ავსებს ცარიელ ოთახს. მისი ცხოვრების ადამიანებით.

გაზეთ „ქუთაისში“ მისვლის წუთიდან, ამ ნიჭით თავნება გოგომ, იმ დროისათვის მიღებული პროტოკოლი დაარღვია და საკუთარი წერილის ქვეშ, სრულად მოაწერა ხელი - ნანული ცხვედიანი!

- ეს, როგორო? - უკითხავს  სერგო მაღლაფერიძეს, მთავარი რედაქტორის მოადგილეს, - ჩვენი წესით, მხოლოდ ინიციალი უნდა დაიწეროს გვარის წინო..

- მეო, ბატონო სერგო, "ნ“ კი არა, „ნანული“ დამარქვეს მშობლებმაო - იყო სხარტი პასუხი.

რამდენიმე დღეში, რედკოლეგიას, თუ გაზეთის ადმინისტრაციას (როგორ ერქვა მაშინ, არ ვიცი), პატარა თათბირზე გადაწყვეტილებაც მიუღია: ქალ ავტორებს (?!) მისცემოდათ ნება, სრულად დაეწერათ საკუთარი სახელი.

ქუთაისზე  ქუთაისელობამდე შეყვარებულ გოგოს, წიგნებით გაუცნია ეს ქალაქი. ბავშვური მხიარულებით ჰყვება ამ ისტორიას - ქუთაისსა და გაზეთზე უნებლიე გამიჯნურებას: როგორ არ წაუკეთხეს საგაზეთო ამბავი, რომელსაც დედა და მეზობლის ქალები ერთმანეთს ულოცავდნენ, როგორ დაიმახსოვრა ძალიან ლამაზი ბიჭის ფოტო უცნაური ქუდით ამ ამბიდან და როგორ დაიწყო თვითონ კითხვის სწავლა, რომ მოუცლელი უფროსებისთვის ჭკუა ესწავლებია (სხვათა შორის, ეს ლამაზი ბიჭი იური გაგარინი იყო და უცნაური ქუდი - სკაფანდრი). როგორ დაიწყო, სკოლაში შესვლამდე, დედის პასპორტით ბიბლიოთეკაში სიარული და როგორ აუჩქარდა გული ქუთაისზე  მამია გურიელით, დავით კვიცარიძით, ზურაბ კუხიანიძით და ოქროს ჩარდახით.

მესამე კლასში უკვე ქუთაისის მეშვიდე სკოლის მოსწავლე იყო, გრძელი მძიმე შავი ნაწნავით, ბრდღვიალა შავი თვალებით და უდიდესი წითელი ბაბთით, ცნობისმოყვარე და ასაკზე ბევრად დიდი ცოდნით. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ფოთის მეშვიდე სკოლიდან გადმოსულმა პატარა გოგომ, ქუთაისელი თანაკლასელები მაშინვე გააკვირვა შეუფერებელი შეკითხვით: სად არის ოქროს ჩარდახი? რაზეც პასუხი ვერ მიიღო. ამ დღიდან დაიწყო მისი ქუთაისის ძიება..

ნანული ცხვედიანის მოგონებებს თუ გავყვები, მარტო იმათ, რაც ჩვენი შეხვედრის დროს ვილაპარაკეთ, ბლოგის ვერცერთი ფორმატი დაიტევს. მოვყვები იმათ, რაც ნაკლებად გამიგონია აქამდე, რაც ჩემთვის ნაკლებად ცნობილი იყო. მაგრამ ყველას, რასაც აქ გავიხსენებ და ვერ გავიხსენებ, აქვს რაღაცნაირი - სიხარულის და გამართლების  საერთო ფერი. ყველა ამ ისტორიაში გრძნობ, რომ მარტო ნანულის არ უყვარდა ასე ქუთაისი, ქუთაისსაც უყვარდა ეს ტკბილმოუბარი, ნიჭიერი, სიცოცხლის სიყვარულით ანთებული მწერალი გოგო,  დაწყებული პიონერთა სასახლის კედლებიდან - პედაგოგიურ ინსტიტუტამდე, - კარგი პედაგოგებით, ლექტორებით, მეგობრებით, ცხოვრების გზაზე შემხვედრი ნაცნობებით და უცნობებით, შეფასებებით, ურთიერთობებით და აღიარებებით. უსმენ და გგონია, რომ სულ გამართლებით იარა, რაღაც თანდაყოლილი მადლით, სწორი არჩევანით, სწორი სიტყვით, ისეთით, გემოს რომ ჩაატან.. და მე მაინც ერთი მთავარი მოგონება ამოვირჩიე:

სტუდენტი რომ კარგი იყო, მტკიცებაც არ უნდა. მაგრამ ერთი გაუცინარი ლექტორი, დავით მაჭავარიანი, რომელიც ხატვის სიყვარულს არ პატიობდა (ალიოშა ტოგონიძე სამი წელი ხმას არ სცემდა თურმე, რადგან ფერმწერობას  ფილოლოგობა ამჯობინა), ნანულის თემის "ქვემო რაჭის მეტყველების თავისებურებები სოფელ ქვიშარის მაგალითზე" გაცნობის შემდეგ, "იძულებული“ გახდა ენათმეცნიერების სტუდენტური წრის ხელმძღვანელობა დაევალებია. ლეილა კვანტალიანიც ცდილობდა ნანულის პროფესიული მომავალი  სწორედ ენათმეცნიერებისკენ მიემართა, თანაც თბილისში, მაგრამ ამ დროს, მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი რამ! გაუთვალისწინებელი და შესანიშნავი, რადგან ამბავი თეატრს უკავშირდება:

- გოგი ქავთარაძე ჩამოვიდა მესხიშვილის თეატრში და დგამს ზედიზედ სპექტაკლებს. სტუდენტები ყველა სპექტაკლზე დავდივართ. დუღს თეატრალური ცხოვრება. და ერთხელაც, თეატრის აფიშაზე გამოჩნდა  "დიდოსტატის მარჯვენა“!  ქანდარაზე ძლივს ვიშოვეთ ადგილები, სადღაც, ზევით.  მიმდინარეობს სპექტაკლი ძალიან საინტერესოდ, შესანიშნავი რეჟისურით, მსახიობებით.. მახსოვს, დავით დვალიშვილი, რომელიც დამატებული პერსონაჟი იყო ამბის თხრობისთვის. სულგანაბული ვუსმენთ.  და უცებ, სცენაზე გამოჩნდა შოთა პირველი - ფარსმანი! ფარსმანი, მაგრამ რა ფარსმანი! 

დაიჩრდილა ყველაფერი! ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც ფილმიდან აკაკი ვასაძის ფარსმანის სახე ძალიან გამჯდარი გვაქვს პერსონაჟის ხატსურათად, მაგრამ სულ სხვა იყო შოთა პირველი. მან უსამშობლო კაცის ტრაგედია გაითამაშა, სისხლი გაგვეყინა, გული გაგვიჩერდა.. იფიქრებდი “ღმერთო, სად გადის ადამიანის შესაძლებლობა” .. გავგიჟდი. რა დამაძინებდა იმ ღამით და ცხოვრებაში პირველად,  წერილი მივწერე მსახიობს. დავაწერე - “მესხიშვილის თეატრი. შოთა პირველს” და გავაგზავნე.

გავიდა ერთი დღე და  დილით, ლექციებზე ვართ და  ვგრძნობთ, რაღაც გაურკვეველი ფაციფუცი ატყდა ინსტიტუტში. ვიღაცას კდემამოსილად ესალმებიან, აუდიტორიებიდან გამოდიან შესახვედრად, თვალის მოსაკრავად.. პრორექტორის ოთახი იცლება, წესრიგდება, საპატიო სტუმარი შეჰყავთ.. და ვინ? შოთა პირველი მობრძანდა ჩემს გასაცნობად! მეგონა ზღაპარში ვიყავი.

შემიყვანეს. მუხლები მომეკვეთა. დამსვეს მის პირისპირ. ვუყურებ ბატონი შოთას ღრმა თვალებს, ცოტა დაშორებულს, ის კი მშვიდად მიღიმის და საუბარს იწყებს: მე სხვა დროსაც მიმიღია წერილები.. ერთადერთი, გორის ინსტიტუტის გოგონებს ვუპასუხე და ახლა შენთან მოვედი. იმიტომ კი არა, შვილო, რომ შენ იქ დითირამბებს მეუბნები, არა. მოვედი, რომ გითხრა -  შენ, თეატრი გესმის და უნდა გაიზარდო თეატრალურ ჟურნალისტად, უნდა დაიწყო მუშაობა რედაქციაში!

ეს თქვა და მე გულის კედელი ამტკივდა მღელვარებისგან.

ის იყო პირველი, რომელმაც ჟურნალისტის პროფესია მიწინასწარმეტყველა.

მრავალი წლის შემდეგ, ბატონმა დემურ მონიავამ წერილი მომწერა: “არავინ დაიბრალოს, რომ თქვენს ჟურნალისტად ქცევაში რაიმე წვლილი მიუძღვის. პირველი და განსაკუთრებული,  ეს  იყო ბატონი შოთა!" და აღწერა, როგორი აღფრთოვანებით მიიტანა ბატონმა შოთამ ჩემი წერილი (დემურ მონიავა იმ დროს ჩვენი დიდი არტისტის მეგობარი იყო და პროპაგანდის და აგიტაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა). "ნახეთ, ეს მაიმუნი რას მწერსო“.. და წერილი ხმამაღლა წაუკითხავს. გადაწყდა, გაზეთ „ქუთაისის“ რედაქტორისთვის მიემართათ, რომ "ეს გოგო" სამუშაოდ მიეღო.

არადა, მესამე კურსელი ვიყავი და იმ დროს, სტუდენტებს  სამსახურში არ იღებდნენ.

ეს ამბიცია მეოთხე კურსის ბოლოს გამიჩნდა. ბატონმა სერგო მაღლაფერიძემ გამოსაცდელად მომცა მასალა, ნარკვევი ახალგაზრდა გამომძიებელზე. მაშინ წერილები ძირითადად  ასე იწყებოდა - „როგორც ამხანაგმა ბრეჟნევმა თავის გამოსვლაში ახსენა“,  ან „როგორც სკკპ ყრილობაზე ითქვა“  და ა.შ.  ჩემი ნარკვევი არატიპური იყო და პირველი წინადადებაც არ ჰგავდა ტრაფარეტულად საგაზეთოს -  

"მიშველეთ! -  ქალის შემზარავმა  ხმამ  გაჰკვეთა გარემო  შუაღამისას..“

მოკლედ,  ნარკვევში აღვწერდი როგორ მოკლა ქმარმა ცოლი - დიასახლისი, პურის საჭრელი დანით. სათაური იყო "საბრალდებო დასკვნას ხელს აწერს..“

ქალბატონმა ლილი ნუცუბიძემ  ნახა ჩემი პირველი ნაშრომი და საჯარო ბიბლიოთეკაში მიმიწვია სამუშაოდ. 

უარი ვთქვი. საინტერესო და გამოწვევებით სავსე ცხოვრება მინდოდა. ახალგაზრდული და უცნაური სურვილებით სავსე.

და ერთ დღესაც, აღმოვჩნდი გამორჩეულ გარემოში, უნიჭიერს ქალბატონ რუთა ბეროძესთან ერთად. ბატონმა სერგო მაღლაფერიძემ შტატგერეშე კორესპონდენტად მიმიღო.

აქედან იწყება ნანული ცხვედიანის კიდევ სხვა ქუთაისი და ქუთაისელები.

აქედან იწყება მისი გემრიელი  კალმით და სიტყვით მადლიერების დაბრუნება საინტერესო ადამიანების ისტორიებით,  პუბლიკაციებით,  იმ გამორჩეული მოვლენების და ურთიერთობების აღწერით, რომელიც ქუთაისს ხდის დაუვიწყარს. იპოვა, აღმოაჩინა, გაზარდა, ესათუთა და მოგვიყვა. ხშირად  - პირველმა, ხშირად - განსხვავებულად, ხშირად - ექსკლუზიურად, ხატოვნად, გრძნობით, რომელიც სხვა ავტორებში არასდროს აგერევა.

"გახსოვს, ქუთაისო?“ -  წიგნი, რომელიც მისი 35-წლიანი მუშაობის არასრულ ნაწილს წარმოადგენს, ჩვენი სამაგიდო წიგნი გახდა.

ეამაყება, და სწორადაც, რომ ამ პუბლიკაციებიდან არცერთს, გადაკეთება, ან „დროში მორგება“ არ დასჭირდა. ნამდვილი და ღირებული იყო მაშინ და კიდევ უფრო ნამდვილი  და კიდევ უფრო ღირებულია  დღეს, რადგან უნიკალურ ამბებს ჰყვება ქუთაისზე და ქუთაისელებზე იშვიათი დოკუმენტური მასალით, უცნობი ფოტოებით, პირველად ნათქვამი სიტყვით პიპინია მიქელაძეზე, ლადო ასათიანზე, გალაკტიონის სიცოცხლის დასასრულის უცნობ ვერსიაზე, რომელიც წლების შემდეგ,  მისი შინაარსის და ფორმის ხიბლით,  აიტაცეს, გახალხურდა და ყველას საკუთრება გახდა.. ეს წიგნი გახსენებს ამ ამბების პირველ ავტორს

- ნანული ცხვედიანს!

ნანულის ხომ იცნობ, ქუთაისო? რამდენი სახელი და ისტორია გადაგირჩინა და რამდენი აწი აქვს მოსაყოლი..