ქუთაისის საჯარო სკოლებში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, მუნის შემთხვევები გამოვლინდა მე-3, 33-ე და 37-ე სკოლებში. 

სკოლის დირექტორების განმარტებით, შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მოხდა სასკოლო ოთახების დამუშავება.

სკაბიესი ანუ მუნი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ცნობებით, სკაბიესით ყოველ წელიწადს მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონიდან 300 მილიონამდე ადამიანი ავადდება.

ოფიციალური სტატისტიკა მუნის შემთხვევების შესახებ საქართველოში არ არსებობს. როგორც ექიმი დერმატოლოგები ამბობენ, ის შემოდგომა - ზამთრის პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, თუმცა, არა იმ სიხშირით, როგორც წელს.

მუნის გავრცელების მასშტაბი იმატებს ცივი სეზონის დადგომისას. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს - ხშირი კონტაქტი დახურულ სივრცეში, სქელი და ბევრი ტანსაცმელი ტანზე.

მუნის გამომწვევი, ადამიანის ტკიპასთვის „ხელსაყრელი გარემო“, სადაც მას გავრცელება შეუძლია, სწორედ ქსოვილები და კანით კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი შეხებაა.

მკურნალობის დაწყებიდან 24 საათში, პაციენტი უკვე აღარ ითვლება გადამდებად. ამიტომ, სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, სკაბიესი კანის ერთ-ერთი ადვილად მართვადი დაავადებაა და რაც მთავარია, მცირდება მისი გავრცელების რისკი:

„მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 5-6 დღეში, ის უკან იხევს. ამიტომ აუცილებელია, რომ როგორც კი ვლინდება სიმპტომები, ადამიანმა მიმართოს ექიმს. ამ შემთხვევაში, ის იცავს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებსაც დაინფიცირებისგან“, - ამბობს ექიმი თამარ ებანოიძე.

მისივე თქმით, სხეულის ქავილსა და გამონაყარს, ხშირად პაციენტები ალერგიას უკავშირებენ, აკითხავენ ალერგოლოგებს. თუმცა, ის ამბობს, რომ თუკი ვლინდება მუნის სიმპტომები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ დერმატოლოგს.