შსს საკმარისია, გვაცადეთ ცხოვრება და არსებობა, მარტო ჯარიმებით არ შეივსება ბიუჯეტი, შეგვიცოდეთ ცოტა რა იქნება, - ასე მიმართავს ქუთაისელი ტაქსის მძღოლი საპატრულო პოლიციას.
როგორც ის "ინფო იმერეთთან" აცხადებს, სადაც არ უნდა გააჩეროს, ყველგან აჯარიმებენ, ჯარის ასარიდებლად კი მგზავრს ცოტა მოშორებით გაჩერება შესთავაზოს, ისინი საყვედურობენ.
"ვცხოვრობ ქუთაისში ვმუშაობ ტაქსიზე, აპლიკაციით დავიღალეთ უკვე, სადაც არ უნდა გააჩერო მგზავრის ასაყვანად ან ჩამოსასვლელად, ჯარიმა ჯარიმაზე მოდის. შევასრულებ ხუთ ან სამლარიან შეკვეთას და გზაში 50-ლარიანი ჯარიმა მეწევა უკონტაქტო პატრულირების. შსს საკმარისია, გვაცადეთ ცხოვრება და არსებობა, რამ გაგამგელათ და გაგაცოფათ ასე. მგზავრს რომ სთხოვო ცოტა იქით ან აქეთ გაგიჩერებთ ჯარიმის აცდენის მცდელობით, გვსაყვედურობენ - მე იმიტომ ვიძახებ ტაქსის, სადაც მსურს იქ, იმ ადგილზე რომ მომაკითხოს და სადაც მსურს იქ, იმ ადგილზე რომ გამიჩეროსო და თუ ასე არ ქენი, იცოცხლე შეფასებების დაწერა კარგად იციან და ამას დამატებული უკონტაქტო პატრული და ამდენი ჯარიმები. მარტო ჯარიმებით არ შეივსება ბიუჯეტი, შეგვიცოდეთ ცოტა რა იქნება", - აცხადებს ტაქსის მძღოლი.