ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი სივრცეები მოუწესრიგებელია. ხშირ შემთხვევაში რკინის კონსტრუქციები ავარიულ მდგომარეობაშია, მოსაცდელების მიმდებარე ტერიტორიაზე კი წყალი გროვდება.

ერთ-ერთ ასეთ პრობლემურ ლოკაციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ვითარებაზე, სოციალურ ქსელში მსახიობი და აქტივისტი ვალერი ფესტვენაძე წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, გაჩერების წინ წარმოქმნილი დიდი გუბის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი მოსაცდელთან შესვლას ვერ ახერხებს, რის გამოც მგზავრებს ტრანსპორტში ჩასხდომა გზის სავალ ნაწილზე უწევთ.

"ქუთაისში ამ გაჩერების წინ დგას დიდი წყლის გუბე და მუნიციპალური ტრანსპორტი ბოლომდე არ შემოდის თუ ვერ შემოდის გაჩერებაზე და ხალხი სამი მეტრის იქით, ზებრაზე ხვდება ტრანსპორტის გამოჩენას სიხარულით.

თავიდან ეს ყველაფერი მდიდარ ტურისტებზე გათვლილი სოციალური ატრაქცია მეგონა, ვისაც ადრენალინი აკლია, მაგრამ არა - თურმე ჩვეულებრივი სამოცი თეთრი ღირს და ჩვეულებრივ მოქალაქეებზეა გათვლილი, რადგან უკეთესად დაიტანჯონ, რადგან მათ ტანჯვა აკლიათ. დაწერეთ კომენტარებში, თქვენც თუ მდგარხართ ამ გამორჩეულ გაჩერებაზე“, - წერს ვალერი ფესტვენაძე.