ქუთაისში - თვეში 200 ლარი თავშესაფრის დატოვების შემდეგ; ხონში - ბინის ქირის უზრუნველყოფა 6 თვის ვადით; ვანში - გაზრდილი ქირის კომპენსაცია. ქალთა ფონდისოხუმისკვლევა აჩვენებს, როგორ განსხვავდება ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტების მიხედვით და რა აკლია ადგილობრივ პროგრამებს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშესაწყობად.

რა ხდება მას შემდეგ, რაც ქალი ძალადობრივ გარემოს ტოვებს? აქვს თუ არა უსაფრთხო საცხოვრებელი, ფსიქოლოგის დახმარების მიღების შესაძლებლობა და საკუთარი შემოსავლის გაჩენის პერსპექტივა? ქალთა ფონდი „სოხუმის“ სამაგიდე კვლევა ამ კითხვებს ადგილობრივი ბიუჯეტების შესწავლით პასუხობს.

სამაგიდე კვლევა - ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის მუნიციპალური მექანიზმები: რას სთავაზობენ ადგილობრივი ბიუჯეტები ქალებს?“ - 10 მუნიციპალიტეტის 2024–2026 წლების ბიუჯეტების შედარებით ანალიზს მოიცავს. მათ შორისაა იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი: ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ვანი და თერჯოლა.

ნაშრომის მთავარი მიგნებაა, რომ მხარდაჭერის ცალკეული მექანიზმები არსებობს, თუმცა კრიზისული დახმარებიდან დამოუკიდებელ ცხოვრებამდე მისასვლელი თანმიმდევრული, ერთიანი და კოორდინირებული სისტემა კვლავ გამოწვევად რჩება.

ქუთაისი: თვეში 200 ლარიანი დახმარება რჩება ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის შემდეგ, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალიზებული მხარდაჭერა 2026 წლის ბიუჯეტის ჩანაწერში აღარ გვხვდება.

კვლევის მიხედვით, ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტი თავშესაფრის დატოვების შემდეგ პირს ან ოჯახს თვეში 200 ლარის დახმარებას ითვალისწინებს, საბიუჯეტო წლის ფარგლებში, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. ძალადობის მსხვერპლები სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი რეაგირების პროგრამებშიც არიან გათვალისწინებული.

ამასთან, 2025 და 2026 წლების ბიუჯეტებში აღარ არის ასახული 2024 წელს ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონებისთვის განსაზღვრული ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალიზებული მხარდაჭერა. ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევა ამ ცვლილებას მხარდაჭერის სისტემის შესუსტებად აფასებს.

ქუთაისში ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაც არსებობს, თუმცა ის უშუალოდ ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ პროგრამას არ წარმოადგენს.

ხონი: ბინის ქირით უზრუნველყოფა ფაქტობრივად მცხოვრებთათვისაც - პროგრამისთვის 7 000 ლარია გათვალისწინებული

ხონში ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა ვრცელდება როგორც რეგისტრირებულ, ისე ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც უსაფრთხოების გამო საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.

2026 წელს პროგრამისთვის სულ 7 000 ლარია გათვალისწინებული. საცხოვრებელი ფართის დაქირავება შესაძლებელია არაუმეტეს ექვსი თვის ვადით. კვლევა ხელმისაწვდომობის მოქნილ პირობას დადებით პრაქტიკად გამოყოფს და ყურადღებას ამახვილებს სპეციალიზებული ფსიქოსოციალური, იურიდიული და ეკონომიკური მხარდაჭერის კომპონენტების ნაკლებობაზე.

ვანი: ქირის კომპენსაცია გაიზარდა, მხარდაჭერა ძალადობაგამოვლილი მშობლის შვილებსაც მოიცავს

ქალაქ ვანში ბინის ქირის ყოველთვიური კომპენსაციის ზედა ზღვარი 2026 წელს 200-დან 300 ლარამდე გაიზარდა, მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში კი 250 ლარამდე განისაზღვრა. ძალადობის მსხვერპლთათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი, 500-ლარიანი დახმარებაც.

გამორჩეულია ბავშვთა მხარდაჭერის მიდგომა: პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, არამედ ბავშვებსაც, რომელთა მშობელი ძალადობის მსხვერპლია. თუმცა ფსიქოლოგიური, იურიდიული და ეკონომიკური გაძლიერების ცალკე სერვისები ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

წყალტუბო: საცხოვრისთან ერთად - რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხარდაჭერა

წყალტუბოში ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირებისთვის ბინის ქირის დაფინანსება თვეში არაუმეტეს 300 ლარით არის გათვალისწინებული.

ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისთვის გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის კონსულტაციისა და შესაბამისი კვლევების დაფინანსებას, არაუმეტეს 200 ლარისა. კვლევა ამას დადებით პრაქტიკად გამოყოფს, თუმცა მიუთითებს ფსიქოსოციალური, იურიდიული და ეკონომიკური გაძლიერების ცალკე პროგრამების ნაკლებობაზე.

თერჯოლა: სოციალური პროგრამები არსებობს, ძალადობაგამოვლილი ქალი ცალკე სამიზნე ჯგუფად არაა წარმოდგენილი

თერჯოლის 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამედიცინო თანადაფინანსება, მარტოხელა მშობლის მხარდაჭერა, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ბავშვიანი ოჯახების დახმარება. თუმცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა დამოუკიდებელ პროგრამად ან ქვეპროგრამად გამოყოფილი არ არის.

კვლევის შეფასებით, ასეთ მიდგომაში ქალის სპეციფიკური საჭიროებები ზოგად სოციალურ კატეგორიებში იკარგება.

კვლევა მუნიციპალიტეტებს მხარდაჭერის ურთიერთდაკავშირებული სისტემის განვითარებას სთავაზობს: უსაფრთხო საცხოვრისთან და კრიზისულ დახმარებასთან ერთად, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ მომსახურებას, პროფესიულ გადამზადებას, დასაქმების ხელშეწყობასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობებს.

ანალიზი ეყრდნობა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ საბიუჯეტო ჩანაწერებსა და გათვალისწინებულ დაფინანსებას. იგი არ აფასებს პროგრამების პრაქტიკულ შესრულებას ან ბენეფიციარებზე რეალურ გავლენას.

კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ - https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/16333-2026-07-17-06-18-48

მეტი ინფორმაციისათვის:

👉 www.fsokhumi.ge
👉 @wfsukhumi (Instagram, Tik Tok); WFSTbilisiOffice (Facebook)