იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 ავტომატი, 5 პისტოლეტი, მჭიდები და ათეულობით საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.