ქუთაისში, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ჩადენილი კომპიუტერული მონაცემების ხელყოფისა და თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, რომლის შედეგადაც დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა. სქემის მიხედვით, დახმარების „გაფორმების“ საბაბით, იგი მოხუცების პირად მონაცემებს ფარულად მოიპოვებდა, რის შემდეგაც მათ მობილურ ტელეფონებში არსებულ საბანკო აპლიკაციებში (მობილბანკში) შედიოდა და მათი სახელით სესხებს ააქტიურებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებულმა ჯამში 43 792 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

პოლიციამ ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერული მონაცემების ხელყოფას გულისხმობს და სასჯელის სახით 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.