ქუთაისში მოქმედ  მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს ქალაქის მერთან დავით ერემეიშვილთან, არაერთი აქტუალური კითხვა დაუგროვდათ. მიუხედავად ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების სიმრავლისა, ქუთაისის მერს მიმდინარე და გასული წლის განმავლობაში პრესკონფერენცია ან ბრიფინგი მედიისთვის ერთხელაც არ გაუმართავს.

"ინფო იმერეთმა“ ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ჰკითხა, თუ რა თემებზე წუხან განსაკუთრებით მათი რესპონდენტები, რა პრობლემების გაშუქებას ითხოვს მოსახლეობა და რა კითხვას დაუსვამდნენ ქალაქის მერს დავით ერემეიშვილს, ის რომ მედიისთვის პრესკონფერენციას მართავდეს.

თეკლა მორგოშია "ქუთაისი პოსტი“:

"ქუთაისში საგამოფენო სივრცის მოწყობა 2022 წელს დაიწყო და ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ოთხი წლის შემდეგ სამუშაოები მიტოვებულია. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი, ბულვარი და რიონისპირა სახლებიც იმ პროექტებს შორისაა, რომელთა დაფინანსებაში მუნიციპალური განვითარების ფონდი მონაწილეობს. ამ პროექტებთან დაკავშირებით კითხვებზე მერიისგან ხშირად გვესმის პასუხი - „ეს ჩვენ არ გვეხება“. არ მიგაჩნიათ, რომ ასეთ საკითხებზე პასუხისმგებლობისგან გამიჯვნა ქალაქის მერის მხრიდან უპასუხისმგებლობაა?“

თათია ახვლედიანი "მეგა ტვ“:

"რას უპასუხებთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გვიან საღამოს სახლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ, დღისით კი ხანგრძლივი ლოდინი უწევთ? აპირებს თუ არა მერია ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველყოფასა და დღის განრიგის ოპტიმიზაციას, და თუ აპირებს, როდიდან?“

ივლიტა გოგუა "FirstNews.ge“:

"როგორ ცდილობთ მოაგვაროთ ინფრასტრუქტურული პრობლემები? - კონკრეტულად მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემები, რომლებიც პატარა წვიმის დროსაც კი დიდ პრობლემებს ქმნის“.

ირაკლი ვაჩიბერაძე "ინფო იმერეთი“

"ახლოვდება ზამთარი. გვახსოვს გასული წლების პრაქტიკა, როდესაც პირველივე თოვლმა ქალაქში სრული კოლაფსი გამოიწვია. საავტომობილო გზაზე გადაადგილება უჭირდა როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ხოლო გარეუბნებში გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო. წელს თუ ხვდება მერია ზამთრის სეზონს მომზადებული, რა რაოდენობის სპეცტექნიკაა მწყობრში და რამდენად საკმარისია შესყიდული მარილი/რეზერვები იმისთვის, რომ მოქალაქეებს კვლავ არ მოუწიოთ პარალიზებულ ქალაქში ყოფნა?“

ირინა მაკარიძე "ნიუპრესი“:

"განსაკუთრებით მტკივნეულია ქვეყნიდან და მათ შორის, ქუთაისიდან ახალგაზრდების მიგრაცია. ქუთაისის მერიას აქვს ახალგაზრდების გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროგრამები, წელს კონკურსიც გქონდათ გამოცხადებული "ახალგაზრდული ინიციატივების“ მხარდასაჭერად. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არ არის და ახალგაზრდების უფრო ეფექტურად მხარდაჭერისთვის კარგი იქნებოდა ისეთი პროგრამების შემუშავება, როგორიც არის, ვთქვათ, ახალგაზრდული სტარტაპების დაფინანსება? (რა თქმა უნდა, იგულისხმება კონკურსის გზით შერჩევა). მოხდება თუ არა 2027 წლის ბიუჯეტში ამ საკითხის გათვალისწინება? გარდა ამისა, მერიას შეუძლია ბიზნესთან პარტნიორობით ახალგაზრდებისათვის ანაზღაურებადი სტაჟირების ხელშეწყობა, გაქვთ თუ არა ამ მიმართულებით გეგმები?“

ხვიჩა ვაშაყმაძე "ქუთაისი პოსტი“:

"წლებია, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ტრადიციულად აჟღერებს ინფორმაციას და დაპირებას რიონისპირა სახლების, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების რეაბილიტაციის შესახებ. იგეგმება თუ არა აღნიშნული პროექტების შესრულება და როდის?“

"ინფო იმერეთი“ გამოთქვამს მზადყოფნას, ქალაქის მერიის ან პირადად დავით ერემეიშვილის მხრიდან პასუხების არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მისი პოზიციაც სრულად მიაწოდოს. ვიმედოვნებთ, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული კითხვები უპასუხოდ არ დარჩება.

მედიისთვის გამართული პრესკონფერენციები მხოლოდ ფორმალური შეხვედრები არ არის - ეს არის საჯარო მმართველობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. სწორედ პრესკონფერენცია აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას შესაძლებლობას, იყოს გამჭვირვალე, პირდაპირ უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს და ეჭვებს, ხოლო მოქალაქეებს მიაწოდოს გადამოწმებული, პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია.

ამ პროცესში მედია ასრულებს მთავარ დამაკავშირებელ ხიდს ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ჟურნალისტები პრესკონფერენციებზე გამოხატავენ არა პირად ინტერესს, არამედ საზოგადოების ხმას - სვამენ იმ მწვავე და აქტუალურ კითხვებს, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. როდესაც ხელისუფლება ერიდება მედიასთან პირდაპირ დიალოგს, ამით უგულებელყოფილი რჩება მოქალაქის უფლება  იცოდეს, როგორ იმართება მისი ქალაქი და როგორ იხარჯება მისი საბიუჯეტო სახსრები.