ქუთაისში, რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა. 

სახლის ნგრევის კონკრეტული დრო უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ მისი ავარიული მდგომარეობის შესახებ წლებია, საქმის კურსშია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება.

ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე, დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთში მდებარეობს მეცხრამეტე საუკუნეში აგებული 10-მდე ორ, სამ და ოთხსართულიანი სახლი. 

ქვით ნაშენი, ხის აივნიანი და შუშაბანდიანი სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. რამდენიმე სახლი იმდენად ავარიულია, რომ იქ, ბოლო წლებია, აღარავინ ცხოვრობს.

განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ხის აივნები და შუშაბანდები, რომლებსაც საყრდენი გამოცლილი აქვთ მდინარე რიონის არაერთხელ ადიდების შედეგად. 

ჯაჭვისა და წითელ ხიდებს შორის მოქცეული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცული ზონაა, სახლები კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებადაა აღიარებული. იქ მცხოვრები 35-მდე ოჯახი, რამდენიმე ათეული წელია, სახლების რეკონსტრუქციას ელოდება.

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას 2017 წელს დაჰპირდა, თუმცა დაპირება არ შესრულებულა. 

პირველადი შეფასებით, მდინარე რიონის სანაპიროზე, ჯაჭვის და წითელ ხიდებს შორის მდებარე მეცხრამეტე საუკუნის 10-მდე სახლის რეკონსტრუქციისთვის 15 მილიონი ლარი იქნება საჭირო.