ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე არსებულ ქვის კედელზე ლეღვის ხეები ხარობს.

ტურისტების თავშეყრის ეს პოპულარული ადგილი ნელ-ნელა ველური მცენარეებით იფარება, რაც, ადგილობრივების თქმით, ისტორიული ინფრასტრუქტურის მოვლის ნაკლებობაზე მიუთითებს.

"მალე ნაყოფს მოისხამს და ქუთაისელებს ხილი მაინც გვექნება უფასო“, - ხუმრობს მოსახლეობა და ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ქალაქის მცხოვრებლები შიშობენ, რომ მცენარეების ფესვთა სისტემამ დროთა განმავლობაში შესაძლოა, ქვის კედლის კონსტრუქცია დააზიანოს. ისინი შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, დროულად მიაქციონ ყურადღება აღნიშნულ მონაკვეთს და ტურისტულად აქტიურ ზონაში დასუფთავებისა თუ გამწვანების მოწესრიგების სამუშაოები გაატარონ.