"ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ფილიალში - ზ. ჯავახაძის სახელობის სპორტის მუზეუმში, ამავე მუზეუმის დამაარსებლის, ქართული სპორტის მემატიანის ზურაბ ჯავახაძის 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

შეკრებილმა სტუმრებმა ისაუბრეს ქართული სპორტის მემატიანის დამსახურებასა და ღვაწლზე. გაიხსენეს ისტორიები თუ როგორ იქმნებოდა წლების განმავლობაში, ეტაპობრივად, ქუთაისში სპორტის მუზეუმი და ივსებოდა მისი ფონდები უნიკალური ექსპონატებით.

სპორტის მუზეუმი ქუთაისში 1970 წელს ზურაბ ჯავახაძემ დააარსა. საკუთარი ძალებით, თავდაუზოგავი შრომით ქმნიდა იმ სივრცეს, სადაც ახლა, სპორტის ისტორიის ამსახველი უამრავი ექსპონატია განთავსებული. იგი იყო კავკასიის ხალხთა მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენისა და საქართველოს ოლიმპიური მედლის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

2003 წელს ზურაბ ჯავახაძე ოქსფორდის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ მეოცე საუკუნის, პლანეტის 2000 გამოჩენილ ადამიანის სიაში იქნა შეყვანილი და მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმის შექმნისთვის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მისი ავტორობით სპორტულ თემაზე გამოცემულია 40-მდე წიგნი. მათ შორის არის ნაშრომები ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე, სახელოვან ოლიმპიელებზე, გამოჩენილ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე, სპორტის ცალკეულ სახეობებზე.

ზურაბ ჯავახაძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იმერეთის სპორტულ ცხოვრებას - ამ თემას ეძღვნება ჟურნალისტური ნარკვევები თუ გამოკვლევები, საგაზეთო პუბლიკაციები, წიგნებში თავმოყრილი სპორტულ ასპარეზობათა ქრონიკები.

სპორტის მემატიანე ცხოვრების უკანასკნელ წლამდე განაგრძობდა აქტიურ მოღვაწეობას.