ქუთაისის #2 პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმარ გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება.
აქციაზე დაკავებულის ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და სინდისის პატიმრების ოჯახების წევრები იმყოფებიან.
როგორც გიორგი კვიცარიძის დედამ "ინფო იმერეთთან" განაცხადა, სიმართლე უნდა დადგინდეს, რადგან მის შვილს ნარკოტიკები იმის გამო ჩაუდეს, რომ პოლიციის განყოფილებებში ძალადობების კადრები მოიპოვა და გაავრცელა.
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა აცხადებს, რომ სინდისის პატიმრების ოჯახების წევრები არავის მიატოვებენ, ვინც მსგავსი შეთითხნილი ბრალდებებით არიან დაკავებული.
როგორც მან "ინფო იმერეთთან" განაცხადა, ის აპირებს, რომ როგორც ადვოკატმა გიორგი კვიცარიძე მოინახულოს და მხარდაჭერა გამოუცხადოს.
თეონა ჭალიძის განცხადებით, მარტო არასოდეს დატოვებენ ადამიანებს, ვინც სისტემის ძალადობას ამხელს.
გიორგი კვიცარიძე 2025 წლის 31 დეკემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი კვიცარიძე ის IT სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროდ გამოიტანა. მას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.