ქუთაისში, კოლხეთის ქუჩის მცხოვრებლები ტერიტორიაზე ნაგვის უკონტროლო დაყრის გამო დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი გარემო ყოველდღიურად უფრო მეტად ემსგავსება ნაგავსაყრელს.

"ჩვენს საცხოვრებელ გარემოში უკონტროლოდ იყრება ნაგავი. ტერიტორია ყოველდღიურად უფრო მეტად ემსგავსება ნაგავსაყრელს, სადაც სუნი, ჭუჭყი, მწერები და ინფექციების გავრცელების საფრთხე ნორმად იქცა. ეს ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი შვილებისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების საკითხია. აქ ყოველდღიურად გადაადგილდებიან ბავშვები, რომლებიც დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავენ და თამაშობენ გარემოში, სადაც ინფექციებისა და დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობის მოთხოვნაა, შესაბამისმა სამსახურებმა პრობლემაზე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება, ტერიტორიიდან გაიტანონ ნაგავი და გარემო მოაწესრიგონ.