ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და ტროტუარების არარსებობის გამო უკმაყოფილოა.
ადგილობრივების თქმით, ქუჩაზე გადაადგილება წვიმის დროს და შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე არც ტროტუარია და არც ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი უსაფრთხო ბილიკი, რის გამოც ყოველდღიურად მძიმე პირობებში უწევთ გადაადგილება.
"ტალახში ვიხრჩობით, ტროტუარიც არ გვაქვს, ბილიკზე რომ ვიაროთ. ტალახიანები მიდიან ბავშვები სკოლაში და უკან კიდევ საშინელ მდგომარეობაში ბრუნდებიან. ჩვენი ქუჩა ქუთაისს არ ეკუთვნის?!“ - აცხადებენ შერვაშიძის ქუჩის მცხოვრებლები.
ადგილობრივებმა პრობლემის გასაჯაროებისა და შესაბამისი უწყებების ყურადღების მიპყრობის მიზნით „ინფო იმერეთს“ ვიდეომასალა გამოუგზავნეს. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებასა და გზის საფარის მოწესრიგებას სთხოვს.