ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში დღეს გამთენიისას მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებული არავინაა.
მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი ინფორმაციით, სოფლის დასახლებულ ტერიტორიაზე და გზის სავალ ნაწილზე ფიქსირდება დინამიკაში მოსული მეწყრული მასები.
მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
"ინფო იმერეთი" დეტალებს ადგილიდან მოგაწვდით.