"პროფესია" - ეს იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთის“ რუბრიკაა.
ყოველ კვირას გახსენებთ იმერეთში მცხოვრებ პროფესიონალებს - ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შრომით, პროფესიონალიზმით და საქმის მიმართ სიყვარულით ქმნიან იმერეთის ისტორიას, თითოეული თავის სფეროში.
სახელი, გვარი: ნათია კახიანი
პროფესია: ტურიზმისა და სასტუმროების მართვის სპეციალისტი/ჟურნალისტი
სამუშაო ადგილი: სასტუმრო „Boutique Hotel Argo“
- რა არის ყველაზე რთული ან ყველაზე სასიამოვნო მომენტი თქვენს საქმეში?
- ჩემი საქმიანობის ყველაზე სასიამოვნო მომენტია, როდესაც ვხედავ, როგორ იქმნება ჰარმონია სივრცეს, გუნდურ მუშაობასა და სტუმრის კმაყოფილებას შორის. ეს წრედი არის ინდიკატორი იმისა, რომ ყოველდღიური შრომა სწორად არის მიმართული.
სასტუმროს კონცეფციიდან გამომდინარე, ობიექტი არ წარმოადგენს მხოლოდ განთავსების ადგილს, ის მრავალი საინტერესო ღონისძიებისა და ადამიანთა თავშეყრის სივრცეა. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად
საზოგადოებისთვის საინტერესო საქმეში ჩართულობა ჩემთვის არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ დიდი ბედნიერება და ერთგვარი ფუფუნებაა.
რთული მომენტები დაკავშირებულია იმ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც მრავალფუნქციური სივრცის მართვა მოითხოვს: მომსახურების ხარისხი, ღონისძიებების კოორდინაცია, სტუმრის საჭიროებების წინასწარ გათვალისწინება მაღალი კონცენტრაციისა და მობილიზაციის რეჟიმს საჭიროებს. თუმცა სწორედ ამ გამოწვევებშია განვითარების შესაძლებლობაც და ხიბლიც.

- როგორ ფიქრობთ, თქვენს პროფესიაში რა თვისებაა ყველაზე მნიშვნელოვანი?
- სტუმარმასპინძლობის სფეროში მრავალი ასპექტია გასათვალისწინებელი. ერთ-ერთი უმთავრესი არის კომუნიკაციის უნარი როგორც კმაყოფილ, ასევე, სამწუხაროდ, უკმაყოფილო თუ პოტენციურ სტუმართან. კომუნიკაცია და მუდმივი მუშაობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუმრებთან, არამედ გუნდის წევრებთანაც, რომლებიც სასტუმროს სახეს წარმოადგენენ.
სასტუმროს ოპერირებაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სტრატეგიული აზროვნების უნარი და მოქნილობა: გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მხოლოდ დღევანდელ საჭიროებებზე ორიენტირებული. სასტუმროს განვითარება მოითხოვს გრძელვადიან ხედვას. სასტუმრო სფერო არ არის სტატიკური, სიტუაციები სწრაფად იცვლება, შესაბამისად, ცვლილებებთან ადაპტირება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.
- რა გიყვართ ქუთაისში/იმერეთში თქვენი საქმის კეთებაში?
- ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ამ უძველესი ქალაქის თანამედროვეობაში მის კოლორიტს, სახესა და ისტორიას ქმნიდნენ და ქმნიან. ამ ქალაქში მუშაობა ჩემთვის არა მხოლოდ ერთი ორგანიზაციის პროცედურების მართვაა, არამედ მუდმივი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან და ქუთაისის სტუმრებთან.
უზომოდ მომწონს ის შეგრძნება, რომ ამ ქალაქში მუშაობით არა მხოლოდ კერძო ორგანიზაციის განვითარებას ვემსახურები, არამედ ქუთაისის ტურისტული და კულტურული გარემოს გაძლიერებაშიც შემაქვს ჩემი მცირე წვლილი.