ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურ ეტაპზეა და ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების ნგრევა გრძელდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ სახელმწიფო დახმარების გაცემის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, 113 დაზარალებული ოჯახი კომპენსაციის მოლოდინშია. ამ ეტაპზე უცნობია როგორც ფინანსური დახმარების ოდენობა, ისე მისი გაცემის ვადები.
მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მდგომარეობა დღემდე გაურკვეველია.
„არავითარ ინფორმაციას არ ვფლობთ და მოლოდინის რეჟიმში ვართ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ. მეწყერი ახლა ისე აღარ მოძრაობს, როგორც ზაფხულში, მაგრამ ბზარები ახლახან შევნიშნეთ იმ უბნებშიც, რომლებიც გეოლოგებისთვის საშიშ ზონად არ ითვლებოდა",- აცხადებს მეწყერით დაზარალებული მარადი გელაშვილი.
მეწყერის მასშტაბები და გეოლოგების შეფასება
გეოლოგების დასკვნით, აქტიური მეწყრული ზონა მოიცავს 68 ჰექტარზე ოდნავ მეტ ფართობს, მათ შორის დასახლებულ და დაუსახლებელ უბნებს. მეწყერის სიგანე 240–1070 მეტრს შორის მერყეობს და საშუალოდ 680 მეტრს შეადგენს.

მეწყრის ზონაში მოქცეული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დანგრეული ან ძლიერ დაზიანებულია.
121 შენობაა მეწყერში მოხვედრილი — ნაწილი მთლიანად დანგრეულია, ნაწილი კი დეფორმირებულია.
საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა სრულად შეჩერებულია დეფორმაციის გამო.
სასოფლო-სამეურნეო მიწები, ვენახები და ბაღები სრულად დამეწყრილია, ტერიტორიაზე მრავალი მეტრიანი ნაპრალებია. ხეები ხმება და მიწა რიგ ადგილებში კვლავ მოძრაობს.
მეწყრული პროცესების გამო, სოფლების დიდმა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა.
რა ეტაპზეა დახმარების გაცემის პროცესი
დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან გამჭვირვალე და დროული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. სააგენტო აცხადებს, რომ კომპენსაციის გაცემის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ ვადებს ამ დროისთვის არ ასახელებს.