სახელმწიფომ მას შემდეგ, რაც ნარკოდამოკიდებულთა იძულებითი მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღო, სამედიცინო ცენტრებში ამ მკურნალობის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ცდილობს.

ქუთაისში, ნარკოდამოკიდებულებს ტუბერკულოზისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ყოფილ შენობაში უმკურნალებენ - შენობის მოწყობა ფანჯრების გისოსებით აღჭურვით იწყება.

ფასადზე გისოსების მონტაჟში 68 845 ლარი დაიხარჯება.

ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩა #20-ში ნარკოდამოკიდებულთა იძულებითი მკურნალობის დაწესებულებას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აწყობს.

ეს ორგანიზაცია გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებაში წერს, რომ პაციენტების მკურნალობის პროცესი უკვე დაწყებულია.

"უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სავალდებულო მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების ნაკადის ზრდა, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით კომისიაში იძულებით მკურნალობის საკითხი უკვე განიხილება იმაზე მეტი პირის მიმართ, ვიდრე არსებული რესურსი იძლევა მათი შემდგომი განთავსების საშუალებას. მკურნალობის პროცესის სათანადოდ წარმართვისთვის კი საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა და დაწესებულების დაკომპლექტება სათანადო უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალით", - წერს ცენტრი და ითხოვს ნებართვას კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკაში სადამსჯელო ზომები 2025 წლის გაზაფხულზე გაამკაცრა. ამავე დროს მიიღეს გადაწყვეტილება, ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა იძულებითი მკურნალობის შესახებ. მკურნალობა განიხილება, როგორც სასჯელი სისხლის სამართლის დამნაშავეებისთვის. გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს.

"რადიო თავისუფლება"