ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებლები გვიან ღამით ნაგავსაყრელიდან წამოსულ გაუსაძლის სუნზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით, დასახლებაში სუნი ყოველთვის იყო, თუმცა ის, რაც ბოლო ღამეებია ხდება, გაუსაძლისია.

მოსახლეობის თქმით, ღამით ფანჯრების გაღება შეუძლებელია. 

"კატასტროფა ხდება ბოლო დღეებია, ნიკეას ქუჩაზე. მძიმე, აუტანელი და მომწავლელი სუნი დგას მთელ დასახლებაში. ვერ ვაღებთ ფანჯრებს. ვართ პარალიზებული",- ამბობს ნიკეას ქუჩაზე მცხოვრები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქუთაისში, ეგრეთ წოდებულ, ნიკეას ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. 

"აღნიშნული სამუშაოების პროცესს თან ახლავს დისკომფორტი, რაც უკავშირდება არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ბოდიშს უხდის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო. სარეაბილიტაციო სამუშაობი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება, რის შემდეგაც აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება", - აცხადებენ მყარი ნარჩენების კომპანიაში.