“ქუთაისი 2010”-მა FIBA Europe cup-ის მეოთხე, საპასუხო შეხვედრა სტუმრად, ჩეხურ “BRNO”-სთან გამართა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 80:73 დაამარცხა.

შეხვედრას “Starez Aréna Vodova”-მ უმასპინძლა.

საწყისი წუთები თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა ქუთაისელთა ოდნავი უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა. გუნდი წინა თამაშებთან შედარებით უკეთ ორგანიზებული და თავდაჯერებული იყო, რის ხარჯზეც მათ პირველი ტაიმი ექვსქულიანი სხვაობით მოიგეს.

მესამე მეოთხედის დასაწყისშიც ქართველები უფრო აქტიურები იყვნენ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მატჩს, მეტოქესთან, რომელთანაც 18-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ, ქუთაისელები დირიჟორობდნენ, რაც მათ კარგ განწყობასა და ფსიქოლოგიურ ფონს უქმნიდა.

მეოთხე მეოთხედი დრამატული აღმოჩნდა, რადგან მასპინძლებმა ბოლო წუთისთვის სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანეს და დაძაბულობამ პიკს მიაღწია, თუმცა საბოლოოდ სტუმრებმა მაინც შეძლეს მეტოქის დამარცხება და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშად 80:73 დააფიქსირეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 24 ქულით ჩეხთა ლეგიონელი ემანუელ უილიამსი გახდა.

“ქუთაისი 2010” FIBA Europe cup-ის შემდეგ შეხვედრაში “პერისტერს” უმასპინძლებს.

მატჩი 12 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.