ქუთაისის "აია" დიდი 10-ის წინასწარ ფინალში გავიდა. გუნდმა „აია არენაზე“ გამართულ გასავარდნ მატჩში რუსთავის „ხარები“ დამაჯერებლად, 46:12 დაამარცხა.

ქუთაისელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 22:0 მოიგეს. შეხვედრის მეორე ნახევარშიც „აია“ დომინირებდა - მასპინძლებმა ჯამში 7 ლელო დადეს და მატჩი დიდი სხვაობით მოიგეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „აიას“ 9 ნომერი თემურ ძოძუაშვილი დასახელდა.

წინასწარი ფინალი 18 აპრილს კვლავ „აია არენაზე“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქუთაისური გუნდები - „აია“ და „არესი“ დაუპირისპირდებიან. დერბის გამარჯვებული კი დიდ ფინალში ბათუმის გუნდს შეხვდება.

საჩემპიონო მატჩი 25 აპრილს ბათუმში გაიმართება.