ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სტადიონზე სიძულვილის ენას, ძალადობას, დისკრიმინაციასა და შეურაცხმყოფელ ქცევას გმობს. კლუბის გადაწყვეტილებით, „შენგელია არენა“ სიძულვილის ენისგან თავისუფალ სივრცედ ცხადდება.

ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აზერბაიჯანულ „ზირასთან“ 0:3 მარცხის შემდეგ, სტადიონზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მატჩის მსვლელობისას იმედგაცრუებულმა გულშემატკივრებმა კლუბის პრეზიდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პასუხს სთხოვდნენ, თუ რატომ არ ატოვებინებს მთავარ მწვრთნელს დირკ შუსტერს კლუბს. მოგვიანებით, ქომაგებმა შეურაცხყოფა თავად გერმანელ მწვრთნელსაც მიაყენეს, დაპირისპირება კი გუნდის კაპიტანზე ვლადიმერ მამუჩაშვილზეც გავრცელდა, რომელმაც ქომაგებს საპასუხო გინებით უპასუხა.

"ტორპედოს“ განცხადებით, მათთვის პრინციპულად მიუღებელია გარემო, სადაც ადამიანის ღირსება ილახება და დაუშვებლად მიიჩნევენ მატჩებზე იმ პირების დასწრებას, ვინც შეურაცხყოფს ფეხბურთელს, მწვრთნელს, მსაჯს, კლუბის წარმომადგენელს, მეტოქეს თუ სხვა გულშემატკივარს.

"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება. მსგავს ქმედებაში მონაწილე პირებს შეეზღუდებათ სტადიონზე დასწრების უფლება, ხოლო თითოეული შემთხვევა შეფასდება მოქმედი კანონმდებლობისა და სტადიონის რეგლამენტის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.