ქუთაისის "ტორპედოს“ ფანკლუბი "ჯუნგლები“ პროტესტის ნიშნად თამაშებზე სიარულს წყვეტს. გულშემატკივრების განცხადებით, ისინი ტრიბუნაზე მანამ არ დაბრუნდებიან, სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი პოსტს არ დატოვებს და კლუბში რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება.
ფანკლუბის წევრები იხსენებენ, რომ ანალოგიური მოთხოვნით ტრიბუნა ერთი წლის წინაც დატოვეს, თუმცა ხელმძღვანელობასთან და გუნდის კაპიტანთან მოლაპარაკებების შემდეგ, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, ბოიკოტი შეწყვიტეს. მათი თქმით, ერთი წლის შემდეგ სიტუაცია მხოლოდ უარესობისკენ შეიცვალა.
"დღეს "ტორპედო“ არ ჰგავს იმ გუნდს, რომელსაც ეს ქალაქი იმსახურებს. "ზირასთან“ 0:6 მარცხი - ეს არის სირცხვილი, რომელიც თითოეულ ტორპედოელს გულში გვირტყამს. შარშან ბევრი რამ გავითვალისწინეთ და დავბრუნდით, დღეს კი ფაქტია, რომ ყველამ თავი მოვიტყუეთ“, - ნათქვამია "ჯუნგლების“ განცხადებაში.
გულშემატკივრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი გადაწყვეტილება საბოლოოა და მას ვერანაირი დაპირება თუ თხოვნა ვეღარ შეცვლის. მათი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობას არჩევანის გაკეთება მარტივ მოცემულობას შორის მოუწევს: ერთ მხარეს არის მწვრთნელი დირკ შუსტერი, ხოლო მეორე მხარეს - "ტორპედოს“ ფანები და ქუთაისი.
აზერბაიჯანულ „ზირასთან“ განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, დირკ შუსტერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი გადადგომას არ აპირებს და გუნდში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.