როგორც კი დავინახავთ რუსების აქტივიზაციას ჩვენს საზღვრებთან, სასწრაფოდ გავწიოთ გვერდზე ქოცები, გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები. შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოვუწოდოთ მეზობლებს და ევროპას დახმარებისკენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"უძინარი ღამის შემდეგ ვწერ ამ პოსტს. გუშინ, რომ გავიგე ევროკავშირმა გახსნა პირველი ეტაპის მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე, მთელი ღამე არ მეძინა.

ერთის მხრივ, როგორ უკრაინის ამაყ მოქალაქეს, ძალიან მიხარია მამაცი უკრაინელი ერის ისტორიული მიღწევა. ასევე მილოცვის წერილს ვუგზავნი ჩემს ძვირფას მეგობარს, მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, რომელმაც თავისი ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესის ლიდერად აქცია, მაგრამ ამავე დროს უკიდურესად ვნერვიულობ საქართველოს ბედზე.

ჩემს დროს ჩვენ რეგიონის ლიდერები ვიყავით. ჩემი პოლიტიკა რომ გაგრძელებულიყო, უკვე ევროკავშირის წევრი ვიქნებოდით. ევროკავშირზე ივანიშვილის მიერ უარის თქმამ, პირადი ფულის და ხელისუფლების შენარჩუნების მოსაზრებებით, საქართველო ჩააგდო სასიკვდილო საფრთხეში.

საქმე იმაშია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დამთავრების და რუსული სატრანზიტო დერეფნის სანქცირების შემდეგ, მოსკოვს ისტერიულად უნდა კავკასიის გზის ჩაკეტვა დასავლეთისთვის, რათა აიძულოს გახსნას რუსული გზა, ასევე დასაჯოს ურჩი აზერბაიჯანი და სომხეთი ქართული გზის ჩაკეტვით.

ამას ემატება სომხეთში, 2012 წლის ქართული ოპერაციის მსგავსი ოპერაციის დიდი ალბათობით ჩავარდნა ორ დღეში და პუტინი ფიქრობს სომხეთში სამხედრო ინტერვენციაზე. ამისთვის მას დიდი ძალები არ დასჭირდება. სომხეთის არმია აზერბაიჯანთან მარცხის შედეგად დემორალიზებულია და სომხეთში არსებობს კარგად ჩამოყალიბებული მეხუთე კოლონა, ადგილობრივი ივანიშვილის ასლის, ოლიგარქ კარაპეტიანის მეთაურობით.

რა თქმა უნდა, ამ ოპერაციის ფარგლებში, თუ ის განხორციელდა, პუტინი აუცილებლად დაიკავებს საქართველოსაც და თან დაიკავებს საერთოდ ბრძოლის გარეშე, რისი საფუძველიც ქოცებს დიდი ხანია, მომზადებული აქვთ.

ამ პირობებში ევროკავშირთან სწრაფი დაახლოება ჩვენთვის გადარჩენის შანსი იყო. ევროკავშირი სწრაფად ყალიბდება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად, რაც დადასტურდა ამასწინათ, როცა ირანმა კვიპროსს დაუშინა რაკეტები და ევროკავშირის წევრებმა გემები გააგზავნეს, რითაც შეაჩერეს ირანის აგრესია.

დარწმუნებული ვარ, რუსეთი რომ მოლდოვას თავს დაესხას, იქ ევროპა იმოქმედებს, რასაც არ გააკეთებს საქართველოში. სომხეთში რუსული შეჭრის საფრთხე, ჩემს შემდეგ დაადასტურა კირილ ბუდანოვმაც.

საქართველოს მეორე შანსი ახლა თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვის პაქტის სასწრაფოდ გაფორმებაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეზობლები ამას დათანხმდებიან, მაგრამ არ დათანხმდება ივანიშვილი. ხოდა აბა დავრჩით მხოლოდ ჩვენი ჯარის იმედზე, რომელსაც 26 მაისს კიდევ ერთხელ ფაქტობრივად უბრძანეს, რომ ხელი არ უნდა გაანძრიოს.

რჩება ერთადერთი გზა. როგორც კი დავინახავთ რუსების აქტივიზაციას ჩვენს საზღვრებთან, სასწრაფოდ გავწიოთ გვერდზე ქოცები, გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები. შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოვუწოდოთ მეზობლებს და ევროპას დახმარებისკენ.

ამ სცენარისთვის უნდა ვემზადებოდეთ ახლა ყველა სათითაოდ და ერთად და არა მითიური არჩევნებისთვის, არსებულ პარლამენტში შესვლისთვის და სხვა მსგავსი მავნებლობისთვის", - წერს სააკაშვილი.