იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა ჩამოდი, ჩამოდიო. როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა არავინ და ზუსტად ორ საათში რუსეთის დავალებით ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს. არის ასეთი ადამიანი. ღალატი იყო და იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია ამ ღალატს და დაბრკოლებებს არ შეეგუოს არავინ.
"მე მინდა, აქედან გავამხნეო ლევანი და ვუთხრა - იმ კაცს წყნარად სძინავს მხოლოდ მაშინ, თუ ყველა პატრიოტი და მებრძოლი ადამიანი ჰყავს ციხეში. ეს არის მოცემულობა. ლევან, ნუ შეგეშინდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ წინა ხაზზე ბრძოლის დიქტატორებთან, ბოროტების ძალებთან, ეს არის ჩვენი ხვედრი.
მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, იმიტომ რომ მიუხედავად დალხინებული ცხოვრებისა უკრაინაში, შეუძლებელია დაკნინებული ქვეყნისთვის მეყურებინა. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა - ჩამოდი, ჩამოდიო - ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეული ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში.
ჯერ პირველად 2020-ში რომ ჩამოვდიოდი, ჩემი კოორდინატები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და მომიხდა უკან დაბრუნება და მეორეჯერ როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა არავინ და ზუსტად ორ საათში რუსეთის დავალებით ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს. არის ასეთი ადამიანი. ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.