ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარეხი ნიჟარაძე ქუთაისსა და თბილისში პატრიარქის პანაშვიდების პერიოდში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, აღნიშნული აქციები მიუღებელია იმ დროს, როცა ქვეყანა საერთო მწუხარებაშია.
მისი თქმით, ის წუხს რომ ასეთი ადამიანები არსებობენ.
"არ შემიძლია, არ გამოვთქვა წუხილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც, ვითომ უწყვეტი აქციის ფარგლებში, ქუთაისში, ჩვენს ქალაქში, პატრიარქის ბანერის წინ გააგრძელეს პროტესტი. მაინტერესებს, როგორ დაკარგეს ამ ადამიანებმა ქართველობა, ტრადიციები და სარწმუნოება და რაც მთავარია, ადამიანობა. ნამდვილად დასანანია, როცა ამ ერთობისა და საერთო წუხილის დროს, როცა მთელი მსოფლიო და მთელი საქრისტიანო გვიცხადებდა სამძიმარს, ისინი აპროტესტებდნენ იმასაც კი, რაც თავადაც არ ესმოდათ.
ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში არსებობენ", - განაცხადა მარეხი ნიჟარაძემ.
ქუთაისსა და საქართველოში უწყვეტი პროტესტი უკვე 483 დღეა, მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.