24 დეკემბერს, 11:30 საათზე ჭიათურელი მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც დაკავებულები და მათი უფლებადამცველები საბოლოო სიტყვას იტყვიან.
წინა პროცესზე საბოლოო სიტყვა თქვა პროკურატურამ (ბრალდების მხარემ).
"პროკურატურამ დაზარალებულის თენგიზ კობერიძის სურვილებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მოწმეების ჩვენებების გათვალისწინებით, მოითხოვა პატიმრობის შეფარდება მუხლით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.
ასევე შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს, 11:30 საათზე, გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ბიჭები და მათი უფლებადამცველები იტყვიან საბოლოო სიტყვას საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
ამ დღეს სასამართლოზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დასაქმებული მაღაროელებისთვის. მობრძანდით და საკუთარი ყურით მოისმინეთ, რას იტყვიან ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ბიჭები. მათ ახლა თქვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ", - წერს ფეისბუკგვერდი "მაღაროელი".
ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.