4 ჭიათურელი მაღაროელის სასამართლო პროცესი გადაიდო.

მაღაროელების თქმით, დღევანდელ დასკვნითი სხდომაზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა, თუმცა შემდეგ სატელეფონო ზარით აცნობა სხდომას, რომ განაჩენი დღეს არ გამოცხადდებოდა.

როგორც ცნობილია, განაჩენის გამოცხადების დღედ სამშაბათი, 20 იანვარი ჩაინიშნა. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

მაღაროელების განცხადებით, მოსამართლის ქცევა მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე აბსურდული და "შეკერილია".

"დღეს ყველა ველოდებოდით, რომ მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებდა. გამოაცხადა მოსამართლემ, რომ გავდივარ განაჩენის გამოსატანადო, გავიდა და არც კი შემოვიდა, დარეკა - ვერ გამომაქვს განაჩენი დღეს და პროცესი გადაიდო სამშაბათს 11:00 საათამდეო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე იმდენად აბსურდული  და "შეკერილია", რომ მოსამართლეც კი ვერ ხვდება, რა გააკეთოს, როგორ გამოვიდეს და როგორ თქვას ამ ტყუილზე, რომ ეს ბიჭები ნამდვილად დამნაშავეები არიან და ციხეში უნდა გავუშვა 9 წელიო. ადამიანია ისიც და ხვდება, რომ ამხელა ცოდვის ჩადენა არაა მარტივი საქმე.

თენგიზ კობერიძე ვინ სცემა, ეგ თუ ვინმეს აინტერესებს, მაშინ ეს ბიჭები არ უნდა იყვნენ ციხეში და სხვანაირად უნდა მიდიოდეს ნამდვილი სასამართლო პროცესი, მაგრამ ეს არის შერჩევითი სამართალი. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ უსამართლობაზე. სამშაბათს შეიძლება გაწირონ ბიჭები და მოსამართლემ პროცესის გარეშე წერილობით გამოაქვეყნოს განაჩენი ისე, რომ თვალებში არ ჩახედონ დაკავებულებს", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.