შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი იმერეთის რეგიონში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას ჰპირდებოდა. იგი მსხვერპლთ არწმუნებდა, რომ მიღებულ მოგებას შესაბამისი სარგებლის სახით გადასცემდა, ხოლო შეტანილ ძირითად თანხას სრულად დაუბრუნებდა.

აღნიშნული პირობით მოქალაქეებმა მას სხვადასხვა ოდენობის თანხა გადასცეს. დაკავებულმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ 90 500 ლარს.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.