მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, იმერეთის რეგიონში 4 პირი დააკავეს.
"სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები, კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის მოგვარებაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში სისტემატურად ერთვებოდნენ. ისინი მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ იღებდნენ ე.წ. „ქურდულ გადაწყვეტილებებს“. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა და 223-ე კვარტა მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.