პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე მიდიოდა სუსში და გადასცემდა თანხას სუსის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს.

პროკურორის თქმით, მიქაუტაძის მხრიდან, ლილუაშვილისთვის თანხის გადაცემა ხდებოდა კაბინეტში.

"დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც შინაარსობრივად, არსობრივად და აზრობრივად ზუსტად ის ინფორმაცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე, რაზეც ისაუბრა გასულ პროცესზე მოწმე რომეო მიქაუტაძემ. შესაბამისად, რომეო მიქაუტაძის მოწოდებული ინფორმაციის სისწორეს და სანდოობას, ერთ-ერთი გარემოება ეს არის, რაც ამყარებს. გარდა ამისა, როდესაც საუბარია პერიოდზე, როცა თანხა გადაეცა უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან, ამ კუთხით გამოთხოვილია შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია და მათი მობილური ტელეფონის და ინტერნეტტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე ადგილას იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს დოკუმენტაცია ასევე იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა ქრთამის გადაცემის ფაქტს“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

მისი განმარტებით, მთავარი ის არის, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით და მასში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება იმ მოცემულობას, რომ სხვა მოწმე, ვინც ფიზიკურად შეესწრო თანხის გადაცემას, დაცვის მხარეს შევახსენებ, რომ საუბარია ქრთამის მოთხოვნასა და გადაცემაზე და ბუნებრივია, მსგავსი დანაშაული ქმედებები სახალხოდ, საჯაროდ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასწრების ფორმატში არ ხდება. (თანხის გადაცემა) ეს ხდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განმარტებით, მიქაუტაძის მხრიდან, ლილუაშვილისთვის თანხის გადაცემა ხდებოდა კაბინეტში.

„კი ბატონი, ჩანთით ჰქონდა (თანხა). შენობაში ყოფნას რაც შეეხება, ჩვენ დავკითხეთ დაცვის თანამშრომელი, რომელსამე ადასტურებს, იმავე სართულზე ნანახი ჰყავს, მაგალითად, რომეო მიქაუტაძე“, - განაცხადა პროკურორმა.