ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძე - მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი.

დაიბადა 1876 წლის 7 ნოემბერს სოფელ ხრეითში ღარიბი აზნაურის მიხეილ ჯაფარიძისა და პელაგია ჭიჭინაძის ოჯახში. პელაგია გახლდათ დეკანოზ ალექსი ჭიჭინაძის ქალიშვილი. რვა წლამდე ტრიფონი ოჯახში დედ-მამის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა და წერა-კითხვაც მათგან  ისწავლა, ხოლო 1884 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1891 წელს დაამთავრა და როგორც ღარიბი და ამავე დროს წარმატებული მოსწავლე, სახელმწიფო ხარჯზე თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

1898 წელს ტრიფონ ჯაფარიძემ სემინარია დაამთავრა და სასწავლებლად, ისევ სახელმწიფო ხარჯით, კიევის სასულიერო აკადემიაში გააგზავნეს, რომლის სრული კურსი ისტორია-არქეოლოგიის განხრით 1902 წელს დაამთავრა. კიევში სტუდენტობის პერიოდში იგი ქართველთა სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. აკადემიის მუზეუმში პროფესორ პეტროვის ხელმძღვანელობით სამუზეუმო საქმიანობას ეცნობოდა და ამასთან დაკავშირებით ისმენდა მოხსენებებს სამეცნიერო საზოგადოებაში. სწორედ აქ, 1902 წელს, დაებადა პირველად აზრი, ქუთაისშიც დაეარსებინა საისტორიო საზოგადოება და მუზეუმი, რაც შემდეგში განახორციელა კიდეც.

1903 წელს ტრიფონ ჯაფარიძემ ქუთაისში ეპისკოპოს ნესტორ ყუბანეიშვილის ქალიშვილზე იქორწინა, რომელსაც ოლღას წმინდა ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და უაღრესად განათლებული ქალბატონი გახლდათ. ტრიფონსა და ოლღას 8 შვილი ეყოლათ.

ტრიფონ ჯაფარიძემ მუშაობა 1902 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ქუთაისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში ასწავლიდა. 1903 წელს სტავროპოლის სასულიერო სემინარიის სუბინსპექტორად დაინიშნა, ხოლო 1904 წელს ჩერნიგოვის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად გადაიყვანეს. ოჯახური მდგომარეობის გამო ტრიფონი იძულებული გახდა ქუთაისში დაბრუნებულიყო და 1905 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა. ამ პერიოდში ქუთაისში დაარსდა რევოლუციურად განწყობილი მასწავლებელთა კავშირი, რომლის ერთ-ერთი წევრი ტრიფონიც იყო. ამ კავშირს მფარველობდა ქუთაისის გუბერნატორი ვლადიმერ სტაროსელსკი. მთავრობამ მოძრაობის ყველა წევრი დასაჯა და მათ შორის ტრიფონ ხუნდაძეც, რომელიც დასჯის მიზნით 1907 წელს ქალაქ მინსკში (ბელორუსია) გადაიყვანეს, მაგრამ 1908 წელს ისევ ქუთაისში დაბრუნდა და საეპარქიო ქალთა სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

1908 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილება, რომლის გამგეობის წევრი გახლდათ ტრიფონ ჯაფარიძე. საზოგადოებამ მრავალ სოფელში დააარსა სამკითხველოები, ხელს უწყობდა წერა-კითხვის გავრცელებასა და სახალხო სკოლების დაარსებას, მათ შორის, სამურზაყანოს და აჭარა-ქობულეთში.

1910 წელს ტრიფონ ჯაფარიძე იმერეთის ეპარქიის, გაბრიელის სახელობის ქალთა სასწავლებელში ინსპექტორად დაინიშნა, რომელიც 1917 წელს გიმნაზიად გადაკეთდა და იგი გახდა მისი დირექტორი. 1921 წელს გიმნაზიები ტექნიკუმებად გადააკეთეს და იგი ქუთაისის მე-4 ტექნიკუმში მასწავლებლად დანიშნეს.

1911-1921 წლებში ტრიფონ ჯაფარიძე გახლდათ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917-1918 წლებში ქალაქის საბჭოს ხმოსანი და ქუთაისის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. მას დავალებული ჰქონდა „ისტორიული ძეგლებისა და მასალების დაცვა შემთხვევით დაღუპვისგან“, 1920 წელს დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1921-1930 წლებში სიძველეთა და ხელოვნების ძეგლების დაცვის რწმუნებული დასავლეთ საქართველოში. ტრიფონ ჯაფარიძე ლექციებს კითხულობდა ჯერ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში, ხოლო მერე ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1922 წელს ტრიფონ ჯაფარიძის ინიციატივით ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ შეგროვილი მასალების ბაზაზე,  ქუთაისში სახელმწიფო საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი გაიხსნა და ტრიფონ ჯაფარიძე დირექტორად დაინიშნა. იგი ამ მუზეუმს 1930 წლამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ მის მიმართ დაწყებული კამპანიის გამო გადაიყვანეს მეცნიერ მუშაკად. განუზომელია ტრიფონ ჯაფარიძის დამსახურება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებისა და ფონდებით დაკომპლექტების საქმეში.  მისი მოღვაწეობის პერიოდში მუზეუმის ფონდები შეივსო მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური და ჭედური ხელოვნების ძეგლებით, ძველი ხელნაწერი წიგნებითა და ისტორიული დოკუმენტებით.

როგორც საქართველოს სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის რწმუნებული, დიდ ინტერესს იჩენდა ისტორიული ძეგლების აღრიცხვისა და დაცვის საქმისადმი. იგი იკვლევდა, თარგმნიდა და აქვეყნებდა მასალებს და სამუზეუმო საქმიანობას კარგად უთავსებდა სამეცნიერო-კვლევით სფეროში მოღვაწეობას.  ინტერესს იწვევს მისი დახვეწილი მაღალპროფესიული, პუბლიცისტური მემკვიდრეობა, რომელიც ერთი რომელიმე თემით არ არის შემოფარგლული.

1923 წელს, როდესაც საქართველოში მასიური სახე მიეცა ეკლესია-მონასტრების დახურვას და საეკლესიო ნივთების განადგურებას, ტრიფონ ჯაფარიძე საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერი წიგნები და სხვა ნივთები გადაერჩინა. ბუნებრივია, მარტო ერთი ვერ აუვიდოდა ამ ყველაფერს, ამიტომ ცდილობდა როგორმე დაკავშირებოდა სამეგრელოში, გურიაში, რაჭაში, იმერეთში სხვადასხვა სანდო პირებს, რათა ნივთები, როგორმე გადაერჩინათ.

1923 წელს "უღმერთოთა კავშირის“ წევრებმა არგვეთის მთავართა წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს ნეშტები მონასტრიდან გამოიტანეს და შეურაცხყვეს, ტრიფონ ჯაფარიძის დიდი ძალისხმევის შედეგად წმინდანთა ნეშტი ქუთაისის მუზეუმში იქნა მოთავსებული, რაც გმირობის ტოლფასი იყო, იმ პერიოდში აგორებული ისტერიის ფონზე, როცა ასეულობით ადამიანთა ჯგუფები რელიგიის აღმოფხვრის სურვილით ეგზალტირებულები, წითელი დროეშებით და ლოზუნგებით დაძრწოდნენ ყველგან და აგრესიას ავლენდნენ ყველაფრის მიმართ, რაც რელიგიასთან კავშირში იყო, ამას ემატებოდა გამეფებული განუკითხაობა, დაბეზღება და დახვრეტები. თუმცა ტრიფონ ჯაფარიძის გმირული საქციელი მთავრობას შეუმჩნეველი არ დარჩენია და მოგვიანებით რეპრესიების დროს ერთ-ერთ ბრალდებად სწორედ წმინდანთა ნეშტის გადარჩენა წაუყენეს.

1923 წლის ანტირელიგიურ ისტერიას ვერც ქუთაისის საკათედრო ტაძარი ("სობორო“) გადაურჩა, სასტიკად დარბეულ ტაძარზე ჯვარი ჩამოხსნეს, ხოლო ხატები გამოიტანეს და გარეთ დაყარეს, სადაც კომკავშირელები ფეხებით ქელავდნენ. შეძრწუნებულმა ტრიფონ ჯაფარიძემ აღმასკომს "სობოროში“ მუზეუმის მოწყობა შესთავაზა, ამით იმედოვნებდა, რომ შენობას შეინარჩუნებდა, თუმცა ქალაქის ცენტრში მდგარ საკულტო ნაგებობას ანტირელიგიური ისტერიით შეპყრობილი ხელისუფლება ბუნებრივია, ვერ აიტანდა, ამიტომ 1924 წლის ზაფხულში ეკლესია მთლიანად დაანგრიეს. ტაძარი, რომელიც 18 წელი შენდებოდა, ოთხ თვეში მიწასთან გაასწორეს.

იმავე წელს ანტირელიგიური სუსხი გელათასაც შეეხო, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ტრიფონ ჯაფარიძის დიდძალი ძალისხმევის შედეგად გელათის მონასტრის განძეულობა მძარცველ ბრბოს გადაურჩა.

რა თქმა უნდა, ტრიფონ ჯაფარიძის ბრძოლა ეროვნული საგანძურის გადარჩენისათვის შეუმჩნეველი არ რჩებოდათ ყოველგვარი ეროვნულის მოძულე და სხვა პირადი ინტერესებით მისადმი ნეგატიურად განწყობილ პირებს, რომელთა ცილისმწამებლური საჩივრებისა თუ ანონიმური წერილების საფუძველზე ტრიფონ ჯაფარიძის და მუზეუმის საქმიანობის შესწავლისათვის არაერთი კომისია შექმნილა.

ტრიფონ ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გააქტიურდა 1930-იანი წლების რეპრესიების პერიოდში. ზემდგომ ორგანოებში შედიოდა უამრავი საჩივარი, ასევე ადგილობრივ პრესაში ქვეყნდებოდა ბევრი ანონიმური წერილი, სადაც ტრიფონ ჯაფარიძე გამოცხადებული იყო "ხალხის მტრად“, იმ პერიოდში როცა იმართებოდა "ხალხის მტრების“ სამხილებელი და დასაგმობი კრებები, ტრიფონ ჯაფარიძე, როგორც ძველი ნივთების შემგროვებელი და ეპისკოპოს ნესტორ ყუბანეიშვილის სიძე, მიიწვიეს თეატრის შენობაში, სადაც შეკრებილმა აგრესიულად განწყობილ ახალგაზრდების ჯგუფმა ტრიფონ ჯაფარიძეს მოსთხოვა პასუხი, ეღიარებია თუ რატომ უყვარდა ძველი ნივთები, რა უფლებით იცავდა ეკლესია-მონასტრებს და რა კავშირი ჰქონდა ნესტორ ყუბანეიშვილთან. მჭევრმეტყველებით განთქმულმა ტრიფონმა ამხილა ბრბო, რის გამოც აღშფოთებულმა მონაწილეებმა "ხალხის მტერი“ და "მოღალატე“ ტრიფონ ჯაფარიძე სცენიდან ჩამოაგდეს.

1937 წლის 30 ივნისს ტრიფონ ჯაფარიძე დააპატიმრეს, ბრალად წაუყენეს ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა და ანტისაბჭოთა ორგანიზებული ქმედებისა, მისი "კონტრრევოლუციური საქმიანობის“ დასადგენად უშიშროების კომიტეტმა ბევრი მოწმე გამოძებნა, მათ შორის მისი ყოფილი მოსწავლეები, ტრიფონ ჯაფარიძის წამება და დაკითხვა დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ის ვერ გატეხეს, უშიშროებას განსაკუთრებით აინტერესებდა მისი კავშირები ექვთიმე თაყაიშვლთან და ნიკო ნიკოლაძესთან. ოთხი თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ტრიფონ ჯაფარიძე 60 წლის ასაკში ქუთაისის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ძიება შეწყდა.

1956 წელს უმაღლესმა სასამართლომ გადასინჯა მისი საქმე და ის უდანაშაულოდ ცნეს, 20 წლის დაგვიანებით, როცა ის უკვე ცოცხალი აღარ იყო.