ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 32 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 77 ახალი, M3 ტიპის საქალაქო ავტობუსის შესყიდვას ითვალისწინებს.

წინადადებების მიღება 18 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტობუსები უნდა იყოს გამოშვებული არაუადრეს 2026 წლისა, უნდა იყოს მარცხენასაჭიანი და სრულად ახალი. ავტობუსის ფერი ლურჯი ან მწვანე, შემსყიდველთან შეთანხმებით.

ასევე, ავტობუსები უნდა იყოს არანაკლებ 21 სტანდარტული დასაჯდომი ადგილით და უნდა ჰქონდეს სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისთვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებით და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი ღვედით.

ავტობუსს უნდა ჰქონდეს დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი.

გამოყოფილი ტრანსპორტიდან 24 ერთეული იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს გადაეცემა:

ჭიათურა — 8 ავტობუსი

სამტრედია — 4 ავტობუსი

საჩხერე — 3 ავტობუსი

ხარაგაული — 3 ავტობუსი

თერჯოლა — 2 ავტობუსი

ხონი — 2 ავტობუსი

ზესტაფონი — 1 ავტობუსი

ტყიბული — 1 ავტობუსი