ქუთაისში, ხარაზოვის ბაღში, შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფილებია ამოღებული, რის გამოც ღია სივრცეებია დარჩენილი. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ადგილი ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ბაღში ყოველდღიურად ათეულობით ბავშვი თამაშობს.

როგორც ერთ-ერთი მოქალაქე  სოციალურ ქსელში წერს, ორი დღის წინ ბავშვი დაზიანებულ მონაკვეთზე ჩავარდნას გადაურჩა. მისივე თქმით, დღეს ადგილზე მისულებს კიდევ უფრო მეტი ამოღებული ფილა დახვდათ.

"ტრაგედია რომ მოხდება იტყვით არ ვიცოდითო, ჰოდა გეუბნებით,  ბავშვების სიცოცხლე საფრთხეშია. სანამ ვინმე არ დაშავდება ან უბედური შემთხვევა არ დატრიალდება, მანამდე არავინ აპირებს განძრევას?! ეს არ არის უბრალოდ მოუვლელობა, ეს არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი შვილებისთვის“, - ამბობს მოქალაქე.

ადგილობრივები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებენ, ტერიტორია დაუყოვნებლივ შემოიღობოს და პრობლემა დროულად მოგვარდეს.

ხარაზოვის ბაღის შადრევანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ნაწილია და მისი მოვლა-პატრონობა წლების განმავლობაში ქუთაისის მერიის შესაბამისი პროგრამებით იყო გათვალისწინებული.