საახალწლო დღეებში მოქალაქეებს სასურსათო მაღაზიებში 50-დან 75 თეთრამდე გაძვირებული კვერცხი დახვდათ.
BPN წერს, რომ 10-ცალიანი კვერცხის შეფუთვის ფასი, რომელიც 4 ლარი ღირდა, ამჯერად 4.75 ლარია. ასევე 5.80 ლარიდან 6.50 ლარამდე გაძვირდა შედარებით მაღალი კატეგორიის კვერცხი.
"ჯერ ჩვენი მხრიდან არაფერი არ არის მომატებული. ვთქვით კიდეც, რომ იანვრის ბოლოდან იყო მოსალოდნელი და ახალ წელს არ მოვუმატებდით არცერთ შემთხვევაში. ჩვენგან, მწარმოებლებისგან ისევ ძველი ფასებია და მაღაზიებში რა ხდება, ვერ გეტყვით. ჯერ 1 თეთრით არ მოგვიმატებია ფასი არაფერზე. ჩვენ ვაწარმოებთ, ვაწვდით და საბოლოო ფასს უკვე მარკეტი წყვეტს. თუ სადმე ნამატი დახვდათ მოქალაქეებს, ეს ჯერჯერობით არის მწარმოებლების გარეშე და მერე რა იქნება, არ ვიცი. სავარაუდოდ, ვერაფერს ვერ გეტყვით, უნდა გადავწყვიტოთ კონკრეტულად რამდენს ვუმატებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავაჟღერებთ. იანვრის მეორე ნახევარში გვეცოდინება ყველაფერი. პროგნოზი იყო დაახლოებით 2 თეთრამდე წლის ბოლოსთვის“, - განუცხადა გამოცემას მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურა უჩუმბეგაშვილმა.