ქუთაისში ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს.

"მაქსიმის", "იანდექსის" და "ბოლტის" კომპანიებში დასაქმებულები გაძვირებული საწვავის ფონზე ტარიფების კორექტირებას, რუკების გადახედვას, კომპანიების მიერ დაბლოკილი მძღოლების აღდგენას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, არსებულ პირობებში მათ მუშაობა აღარ უღირთ.

"ტარიფის კორექტირება აუცილებელია, რადგან ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტი გვიჯდება ადგილზე მისვლა და მგზავრის მომსახურება, ვიდრე თანხას ვიღებთ, ასევე, რუკებს სჭირდება განახლება, რადგან ისეთი გზით გვიშვებს, რომ იქ გადაადგილება აღარ შეიძლება და სხვა ალტერნატიული გზა სჯობს. ასევე, გასული პერიოდის განმავლობაში რომელი მძღოლებიც კომპანიამ დაბლოკა, მათი განბლოკვა უნდა მოხდეს", - აცხადებენ მძღოლები "ინფო იმერეთთან".

აღნიშნული კომპანიების მძღოლები გასული კვირების განმავლობაში ცალ-ცალკე უკვე გაიფიცნენ, ამჯერად კი ერთობლივი პროტესტი გადაწყვიტეს.