ქუთაისში, კლინიკაში რჩება ბავშვი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა. 

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, 10 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

პაციენტი "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრშია"  მოთავსებული.

შემთხვევა გუშინ გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მოხდა. 

"რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდა ორი მოზარდი. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა.  საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს", - ამბობენ თვითმხილველები. 

როგორც "ინფო იმერეთს"  შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ ადამიანის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.