ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, რომ უნდა დაისაჯოს ნებისმიერი პირი, ვინც პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტს თავს ესხმის.
“ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტზე მისი პროფესიული საქმიანობის გამო. გელა მთივლიშვილი, მაღალკვალიფიციური საგამოძიებო სიუჟეტების გამო, რითაც ის ააშკარავებს ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს, კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს, არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალჩინოსნებისა თუ რიგითი ჩინოვნიკების და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირების მხრიდან თავდასხმისა და აგრესიის სამიზნე.
"ქართული ოცნების“ მაღალი ეშელონებიდან წახალისებული ძალადობა ჟურნალისტებზე, არაეფექტური გამოძიება და პოლიტიკურ ინტერესს დაქვემდებარებული მართლმსაჯულება აჩენს დაუსჯელობის განცდას. ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გამო საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული და ეს საქართველოს იმ არადემოკრატიულ ქვეყნებთან და რეჟიმებთან აახლოებს, რომელთა მიმართაც საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები მრავალი წელია, აქვს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და მასზე თავდასხმის ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, 9 მაისს გადაცემა “ღია სივრცის” დასრულების შემდეგ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე თავს დაესხა. მთივლიშვილი და მარგებაძე რამდენიმე წუთით ადრე ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ერთად ისხდნენ და საქართველოში ჰესების მშენებლობასა და მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ.
მთივლიშვილის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს სახეზე. პოლიციას თავად ჟურნალისტმა მიმართა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ეს მუხლი ჯარიმის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, ან შინაპატიმრობის გარდა 1 წლამდე ციხესაც ითვალისწინებს.