ჭიათურაში მაღაროელების ნაწილის პროტესტი 435 დღეა, გრძელდება.
ფეისბუკგვერდი "მაღაროელი" წერს, რომ ქალაქში ისევ დგას კარვები, რომელიც ბრძოლის, შეუპოვრობის, მეგობრობის და იმ ადამიანური ღირებულებების სიმბოლოდ იქცა, რაც ღირსეულ ადამიანს უნდა გააჩნდეს.
"435 დღეა, ქალაქში პროტესტია. ქალაქში ისევ დგას კარვები - კარვები, რომლებიც უკვე მხოლოდ თავშესაფარი აღარ არის. ისინი იქცა ბრძოლის, შეუპოვრობის, მეგობრობის და იმ ადამიანური ღირებულებების სიმბოლოდ, რაც ღირსეულ ადამიანს უნდა გააჩნდეს.
მარტივია გაიქცე. მარტივია პრობლემებს გაერიდო, თავი დახარო და საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეტო, თითქოს ეს ყველაფერი შენ არ გეხება, მაგრამ საზოგადოების დუმილი ყოველთვის იყო უსამართლობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი.
რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მარტივი ნამდვილად არ არის. არც ციხეშია მარტივი სიმშვიდისა და საღი აზრის შენარჩუნება, როცა სასჯელს იხდი იმის გამო, რაც არ ჩაგიდენია. მარტივი არ არის ამდენი ზეწოლის, წნეხისა და ფსიქოლოგიური ტერორის მიუხედავად შეინარჩუნო ბრძოლის სურვილი - ბრძოლის, რომელსაც საბოლოოდ შედეგი აუცილებლად ექნება. ეს დროის საკითხია. დრო ყველაზე სწორი მსაჯულია - საბოლოოდ ყველას და ყველაფერს აჩენს სააშკარაოზე.
დღეს ერი გათითოკაცებულია. ყველა საკუთარ პრობლემებში, საკუთარ ქაოსშია გახვეული, მაგრამ ხშირად ვერ ვხვდებით ერთ რამეს - საერთო პრობლემებთან ბრძოლით, საბოლოოდ, საკუთარი პრობლემების მოგვარებასაც ვიწყებთ.
ეს პროტესტი აუცილებლად გაიმარჯვებს. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენი ადამიანი იტყვის ამ გამარჯვებაში მონაწილეობაზე უარს, ისე როგორც თავის დროზე თავად ბრძოლაზე თქვა უარი. დაუჭირეთ მხარი ამ დიდ და სამართლიან პროტესტს. შესაძლოა, სწორედ თქვენი მცირედი მხარდაჭერა აღმოჩნდეს გადამწყვეტი. მთავარია გვწამდეს და გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. უფალი ჩვენთანაა", - წერს "მაღაროელი".