აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ Enka Renewables-ის დავაზე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ამიტ მეჰტას 2026 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, საქართველოს მთავრობას კომპანია “Enka Renewables”-ისთვის 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტის, ასევე შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის გადახდა დაეკისრა. მოსალოდნელია, რომ პროცენტებთან ერთად, ჯამური თანხა 400 მლნ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
ამერიკულ სასამართლოს მიმართა კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. მან აშშ-ის სასამართლოს მიმართა და საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.
მანამდე, 2024 წლის დეკემბერში საქართველომ „ენკასთან“ საარბიტრაჟო დავა წააგო. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ენკასთვის“ 383.2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
ამის შემდეგ „ენკამ“ აშშ-ში კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა და პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. იმ კომპენსაციასთან ერთად, რომელიც არბიტრაჟმა საქართველოს დააკისრა, კომპანია გადაცილებულ დღეებზე პროცენტის დარიცხვასაც ითხოვდა.
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის "ნამახვანჰესის" $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.
ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა.
კომპანია Enka Renewables თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.