"მედიის ადვოკატირების კოალიციის" თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე აცხადებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა კრიტიკულია და ხელისუფლების მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკა მედიისა და კრიტიკული აზრის ჩახშობას ემსახურება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ორი დღის წინ მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დასრულების დღეს აღნიშნავდა, საქართველოში კვლავ ასეულობით შემთხვევაა, სადაც ჟურნალისტებზე თავდასხმები, უკანონო პატიმრობა, დაშინება და მუქარა გამოუძიებელი რჩება.

ანდღულაძე განსაკუთრებით გამოყოფს ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რაც, მისი შეფასებით, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი ხმის ჩახშობის მცდელობისა.

„ჩემს გვერდით იმყოფება ვასიკო, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად რეჟიმმა უკანონოდ დააპატიმრა და პატიმრობა მიუსაჯა. სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი დღემდე ციხეშია. მზიას უკანონო პატიმრობა საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთი ჯილდოთი და აღიარებით შეაფასა, როგორც კიდევ ერთი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“, – აცხადებს ანდღულაძე.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი სრულიად დამსახურებულად მოხვდა „მედიის მტაცებლების სიაში“, სადაც ისეთი ავტორიტარი ლიდერები არიან, როგორებიც არიან პუტინი, ლუკაშენკო და მადურო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მძიმე და შეზღუდულია მედიის გარემო საქართველოში.

ანდღულაძე ყურადღებას ამახვილებს იმ რეპრესიულ კანონებზე, რომლებიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის კომუნიკაციების კომისია და საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება, ემსახურება პროპაგანდას და დევნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებს.

„ჩვენ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტთან, ვინც ამ მძიმე პირობებში აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და მაინც ახერხებს საზოგადოების ინფორმირებას“, – აცხადებს მამუკა ანდღულაძე.