3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა.
საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.
135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.
მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევები მიუთითებს ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და მედიის თავისუფლების გაუარესების ტენდენციაზე.
"მიმდინარე წელსაც საქართველოში დამოუკიდებელ მედიას საქმიანობა განსაკუთრებით მძიმე ფონზე უწევს. Reporters Without Borders-ის 2026 წლის მონაცემებით, საქართველო განაგრძობს პოზიციების დაკარგვას: მხოლოდ მიმდინარე წელს 21 ადგილით დაქვეითდა, ხოლო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯამურად 75-პოზიციანი ვარდნა განიცადა. აღნიშნული მონაცემები მედიის თავისუფლების სისტემურ გაუარესებაზე მიუთითებს.
მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ნათლად აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ინსტრუმენტად.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული 300-ზე მეტი ინციდენტი ადასტურებს, რომ მედიის მიმართ ზეწოლა ინტენსიურ ხასიათს ატარებს. შემთხვევები მოიცავს ჟურნალისტების დაკავებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას, დაჯარიმებას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დისკრედიტაციას, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევას, დეზინფორმაციას და ა.შ. ეს დარღვევები შესაბამისი გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება.
განსაკუთრებით საყურადღებოა რეპრესიული საკანონმდებლო ტენდენციები, რაც ზღუდავს მედიის ოპერირების სივრცეს და აძლიერებს „მსუსხავი ეფექტის“ რისკს ჟურნალისტურ საქმიანობაზე. პრობლემურია მედიისთვის სასამართლო პროცესების აუდიოვიზუალური გადაღების აკრძალვა, რაც ზღუდავს კონტროლის შესაძლებლობას და ამცირებს მართლმსაჯულების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.
მიუხედავად აღნიშნული გამოწვევებისა, ქართული მედია აგრძელებს მუშაობას და პროფესიული მოვალეობის შესრულებას, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას. ეს გარემოება განსაკუთრებულ აღიარებასა და სოლიდარობას საჭიროებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ უხდის მადლობას დამოუკიდებელი მედიის თითოეულ წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.