ქალთა ფონდი „სოხუმი“ საქართველოში უნიკალურ ციფრულ პლატფორმას მართავს, სადაც ქალები მარტივად იღებენ ინფორმაციას სახელმწიფო, მუნიციპალური და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ საჭირო სერვისებზე. რესურსცენტრი 2021 წელს შეიქმნა კანადის „თანასწორობის ფონდის“ მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
2023 წლიდან პლატფორმაზე დაემატა „ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა“, რომელიც 11 მუნიციპალიტეტში - იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა - ძალადობის რისკის შეფასებას ახორციელებს. რუკა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ რისკის მქონე რეგიონები, მონაცემები შევადაროთ დროისა და სივრცის მიხედვით და საჭირო ღონისძიებები დროულად გავატაროთ.
მონაცემები იყოფა ორ ჯგუფად:
· ოფიციალური სტატისტიკა, სადაც წარმოდგენილია ძალადობის შემთხვევები (შსს-ის სტატისტიკა), 112-ის ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული სტატისტიკა, ცხელი ხაზი 116 006-ის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა, ადგილობრივი სერვისები და სოციალური–ეკონომიკური მაჩვენებლები.
· კვლევის მონაცემები - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ წელიწადში ორჯერ ჩატარებული გამოკითხვები, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ქალები (დევნილები, კონფლიქტის ზოლში მცხოვრები, სოციალურად დაუცველები და სხვ.). 2025 წლის აპრილ-მაისში 570 ქალი გამოიკითხა.
აღსანიშნავია, რომ ბევრი სახელმწიფო უწყება არ აწარმოებს გენდერულ მონაცემებს სისტემურად, ამიტომ რესურსცენტრის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
მედიისა და საზოგადოებისათვის რა მნიშვნელობა აქვს ამ რუკას?
· ხელმისაწვდომი ვიზუალური მონაცემები ხელს უწყობს ინფორმირებულობას და სტიგმის შემცირებას;
· ჟურნალისტებისთვის რუკა წარმოადგენს წყაროს ადგილობრივი კვლევებისათვის;
· გენდერული საკითხების ექსპერტებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს ეხმარება, რომ სწორად გააანალიზონ პრობლემები და შეიმუშაონ ნაშრომები;
· სახელმწიფო უწყებებს ხელს უწყობს მონაცემთა გამჭვირვალობასა და ეფექტიანი გეგმების შემუშავებაში.
🔗 რუკას შეგიძლიათ ეწვიოთ: https://sosfsokhumi.ge/map