დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სასურსათო პროდუქციაზე ინფლაციის სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნების მოლოდინია.
თუმცა როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა რიჟამაძემ BMG-ის განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე, ნავთობზე ფასის ზრდა გაგრძელდება, ხოლო ლოგისტიკა გაძვირდება, ეს საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ფასებზეც აისახება.
“სასურსათო პროდუქციას ისევ ყველაზე მაღალი წვლილი აქვს მთლიან ინფლაციაში. იმედს ვიტოვებთ, რომ [ახლო აღმოსავლეთში] შექმნილი ვითარება საბოლოოდ მნიშვნელოვან ზეგავლენას არ მოახდენს ფასზე, მაგრამ გარკვეული ზეგავლენა ნებისმიერ შემთხვევაში ექნება.
ამ ეტაპისთვის, რაიმე არსებითი პრობლემა ამ მიმართულებით არ დგას და ჩვეულ რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს სამეწარმეო საქმიანობა ამა თუ იმ ბიზნესსუბიექტების მხრიდან, იქნება ეს მათ შორის იმპორტი თუ საერთაშორისო გადაზიდვები. თუმცა თუ გაძვირდა საწვავი, გაიზარდა საერთაშორისო გადაზიდვების ფასი, ეს პროპორციულად ისახება საბოლოო პროდუქციის ფასში, უნდა თუ არა ეს ამა თუ იმ ბიზნესსუბიექტს. თუ ეს მოცემულობა ხანგრძლივ პერიოდში გაგრძელდა, ამ შემთხვევაში უკვე საბოლოოდ მოახდენს ზეგავლენას [საქართველოში ფასებზე]", - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
ცნობისთვის, 2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაციამ 4.6% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით წლიური ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საქსტატის თანახმად ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის ფასის ზრდაა, სადაც ფასები წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი.