ირანზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და საპასუხო იერიშების შემდეგ, ნავთობის გლობალურმა ფასებმა 2024 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის საწვავის ღირებულება ბარელზე 83.4 დოლარს, ამერიკული ნედლი ნავთობის, WTI-ს ფასი კი ბარელზე 76.76 დოლარს შეადგენს.

რა გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ბენზინის ფასზე საქართველოში - ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ვახტანგ იობაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ფასის ზრდა ყოველდღიურადაა მოსალოდნელი.

"შესაძლოა, ყოველ დღე მოხდეს ცვლილებები. ყოველ დღეა შესაძლებელი, ფასმა მოიმატოს, მაგრამ რამდენით, ეს არავინ იცის. თუ ასე გაგრძელდა, სხვას რას უნდა ველოდოთ. ჩვენ ხომ ყველაფერს ვყიდულობთ. ვყიდულობთ დოლარზე და ვყიდით ლარზე. აქედან გამომდინარე, სხვა ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული.

ბუნებრივია, ამ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, მაგრამ ისე კატასტროფული ზრდა, როგორც იყო რუსეთ-უკრაინის ომის დროს, სავარაუდოდ, არ იქნება. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, ძალიან მოიმატა ფასებმა და ბუნებრივია, არა მარტო ჩვენთან. 4 ლარს ასცდა მაშინ ლიტრი საწვავის ღირებულება.

დღეს, კონკრეტულად საქართველო, არანაირ დეფიციტში არაა. რა მოხდება, როგორ დამძიმდება სიტუაცია და რა დეფიციტში შევა სანავთობო ბაზრები, ამაზეა დამოკიდებული. როცა დეფიციტი იქმნება, მაშინ იწყება ფასთა ცვალებადობა“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 28 თებერვალს დაიწყო და უკვე მეხუთე დღეა, აქტიურად მიმდინარეობს.