"ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს.
მედიამენეჯერი დღეს დილით, სპეცდანიშნულების რაზმმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აიყვანა.
პროკურატურის ინფორმაციით, 10 პირის, მათ შორის ელისო კილაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა "ქოლცენტრების საქმეზე" დაიწყო.
"ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა", - აცხადებენ პროკურატურაში.
ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
.